ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანია "მიხოს ბაღები" ყურძნის, კერძოდ საფერავის წვენის წარმოებას სექტემბერში დაიწყებს. ამის შესახებ "მიხოს ბაღების" დამფუძნებელმა მიხეილ ღვინიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წვენის ჩამოსხმა რთველის დასრულების შემდეგ დაიწყება.
"ვენახები მაქვს, თუმცა ასევე ვაპირებ, რომ ადგილობრივი გლეხებიდანაც შევიძინო ყურძენი. ზუსტად რომელი ტექნოლოგიით მოხდება წვენის დაწურვა არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ყველა შემთხვევაში 100%-ით ნატურალური პროდუქტი იქნება. ყურძნის წვენი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, მაქვს შეკვეთებიც. გარდა ამისა, სამომავლოდ ქლიავის წვენის წარმოებასაც ვგეგმავ", - აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.
რაც შეეხება კომპანიის ძირითად მიმართულებას - მიხეილ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ბროწეულის წვენებზე მოთხოვნა სტაბილურია. მისივე თქმით, კომპანია მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებას აპირებს.
ცნობისთვის, ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანიის "მიხოს ბაღების" საწარმო დედოფლისწყაროში მდებარეობს. კომპანიას ამ ეტაპზე ორი სახეობის ბროწეულის წვენი აქვს - "ბროწეულის ნატურალური წვენი" და "ბროწეულის ნექტარი".