“ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე ორიენტირებული, რომ დავიმკვიდროთ ადგილი ე.წ მწიფე ბაზრებზე, როგორებიცაა - ბრიტანეთი, გერმანია და ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები. თუნდაც ისინი, რომლებიც ღვინოს თვითონაც აწარმოებენ“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელმა და ენოლოგმა მარიამ ხომასურიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კარგი იქნება თუ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტული სამი ძირითადი მიმართულება იქნება. ესენია: ღვინის სამშობლოს სტატუსი და ტრადიციული ტექნოლოგიები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქართული ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია.
ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებელი და ენოლოგი „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული ღვინის ხარისხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის წლიდან წლამდე უმჯობესდება, რაზეც ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე ქართული ღვინის წარმატება და მიღებული ჯილდოები მიუთითებს. თუმცა, მისივე შეფასებით, ღვინის ხარისხის ასამაღლებლად კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
ცნობისთვის, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი წელს 17.4 მილიონი ლარით განისაზღვრა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მილიონამდე ლიტრის, 276 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა.