როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ მოისმინეს ჩვენი პრობლემები და იმედი გვაქვს აღნიშნულზე მცირე მეწარმეებისთვის სასიკეთო ცვლილებები მოხდება. მცირე ბიზნესისთვის აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც ფინანსურად, ისე პოზიციონირების თვალსაზრისით. მთავარია ეს საუბრის დონეზე არ დარჩეს და ამას ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ სხვადასხვა სახის ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია "ჩირჩხელას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
მისივე შეფასებით, პირველ რიგში ქართული პროდუქტია ის, რომელსაც უნდა გაესვას ხაზი და ბაზარზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
"კეთილი ინებონ ქსელებმა და ეს არ ჩათვალონ მათ ჯიბეში ჩახედვად. მართალია ისინი კერძო ბიზნესი არიან, მაგრამ როდესაც ყოველ ნაბიჯში თვალში გვაჩეჩებენ თავიანთ ბრენდს და გვეუბნებიან, რომ ჩვენთან შემოდით და იყიდეთ - მაშინ, კეთილი ინებონ და მომხმარებლის ინტერესებიც გაითვალისწინონ. კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ მცირე მეწარმეებს. სახელმწიფო უფრო მკაცრად უნდა მიუდგეს აღნიშნულ საკითხს.
დღეს როცა 3-4 ლარად ვყიდი ჩურჩხელას, "ქეშბექის" გადახდის შემთხვევაში როგორ უნდა გავყიდო იგივე ფასად?! ასეთ ფასად, ვეღარ შევძლებ მომხმარებლებისთვის შეთავაზებას და ჩვეულებრივმა მოკვდავმა ვერ უნდა იყიდოს?!. მინიმუმ 1.5 ლარით გვიძვირებს პროდუქტს და ასეთი კაბალური პირობები რატომ დაუწესეს ქართულ პროდუქციას?! ხომ შეიძლება ქართულ პროდუქციას პოზიციონირების შესაძლებლობა მისცენ?!", - აცხადებს ირმა კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.