logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქეშბექების" გაუქმების შემთხვევაში, მინიმუმ 15%-ით შევძლებთ პროდუქციის გაიაფებას - "ბუს კვერცხების" მწარმოებელი კომპანია პრემიერის განცხადებაზე

ქსელური მარკეტები აუქმებენ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და არ იძლევიან განვითარების საშუალებას. მკაცრი კანონები უნდა იქნეს მიღებული, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია "ქართული თემის" დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

მისივე შეფასებით, ე.წ ქეშბექების გაუქმების, ან 5%-მდე შემცირების შემთხვევაში, პროდუქციის ფასები ნებისმიერ სეგმენტში შემცირდება.

"კარგია თუ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება ამ საკითხში და დაარეგულირებს მარჟის მოცულობებს. ჩემი აზრით, ოფიციალურად უნდა იქნეს მიღებული კანონი, რომლითაც ქსელურ მარკეტებს მარჟების თამაში და მოთხოვნა აეკრძალებათ და პირდაპირ, რასაც კონკრეტული კომპანია შესთავაზებთ პროდუქციას და ფასნამატს, რასაც დაამატებენ იმით ივაჭრონ ბაზარზე და არა ზედმეტი მარჟებით. რაც საბოლოოდ ხელოვნურად ზრდის ფასებს. კიდევ მიდის საუბარი, რომ მომდევნო წლიდან მარჟები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. აღნიშნულ შემთხვევაში იძულებული გავხდებით კიდევ გავზარდოთ პროდუქციის ფასი, მაგრამ როდემდე. ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესში არ შედის, რადგან მაგალითად, "ბუს კვერცხი" თუ 15 და 20 ლარი ღირდა ვინ იყიდის მასიურად?! გაიყიდება მცირე რაოდენობით, რაც გამოიწვევს იმას, რომ მომიწევს კადრების შემცირება, რადგან ამდენი მუშახელი აღარ დამჭირდება და სამუშაო ადგილებიც შემცირდება თავისთავად. 

საერთოდ თუ გაუქმდება "ქეშბექები" კარგი იქნება, თუმცა 5%-ს ავიტანთ. ის "ქეშბექები", რაც ქსელური მარკეტებისთვის გვაქვს მიცემული, რომ გაუქმდეს ფასები დაეცემა არა მხოლოდ ჩემს სეგმენტში, არამედ ნებისმიერ სფეროში. "ქეშბექების" გაუქმების შემთხვევაში ჩემი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ მინიმუმ 15%-ით შევძლებთ პროდუქციის გაიაფებას.

გარდა ამისა, უნდა დარეგულირდეს თანხების ჩარიცხვის თემა. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც პროდუქტი გაყიდულია და თანხებს არ რიცხავენ. ამას ბევრი დამწყები ბიზნესი ვერ უძლებს და იხურება. ნაღდი ფული არავის უდევს, ყველა დამოკიდებული ვართ ბანკებზე და თვითონ ამ ჩვენი ფულით ვითარდებიან. ვიღაც უძლებს ამას, ვიღაც ვერ უძლებს, რაც სამუშაო ადგილებს ამცირებს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არ იქნება ბიზნესსაქმიანობაში ჩარევა. ძალიან კარგი იქნება თუ სახელმწიფო ჩაერევა. პირდაპირი მნიშვნელობით ქსელური მარკეტების მხრიდან ეს არის რეკეტი და ამაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. შესაბამისად, მივესალმები პრემიერი განცხადებას.  არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. პირიქით, ხელს უწყობენ ადგილობრივ წარმოებას და აღნიშნული სახელმწიფოც აქტიურად არის ჩარეული. 

ჩინეთი საბედნიეროდ ვალზე მიგზავნის პროდუქციას და არ ვჩერდები, მაგრამ როდემდე?! ახალ პროექტს ვიწყებ და იქაც, ჩინეთი დამიდგა გვერდში და ამ დროს ჩემი ფული ქსელურ მარკეტებს აქვთ. დაახლოებით, 5 მლნ ლარის პროდუქცია მაქვს შეტანილი ქსელურ მარკეტებში და აქედან ნახევარზე მეტი გაყიდულია და ამ ფულს ატრიალებენ და ჩვენ არ გვაძლევენ. ძალიან კარგია, რომ პრემიერმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და მთავარია, რეალობაში აღსრულდეს და ამ თემას ბოლომდე მიყვნენ", - აცხადებს მანუჩარ ლობჟანიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

გამოგვყევით