logo
Loading data...

"ორ თვეში გამოჩნდება, წარმოების ზრდის რა რეალური პოტენციალი გვექნება" - კაფე "ფუსფუსი"

"ორ თვეში გამოჩნდება, წარმოების ზრდის რა რეალური პოტენციალი გვექნება" - კაფე "ფუსფუსი"

1714030982

სახლიდან დაწყებული ბიზნესი  "ფუსფუსი" გაფართოვდა და მომხმარებლებს უკვე ფიზიკურ სივრცეში მიიღებს. როგორც მეწარმე ნათია ყურბუშაძე  "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  "ბუტიკ კაფე" ფუსფუსი“ 9 მარტს გაიხსნა და მომხმარებლებს ტკბილეულსა და სხვადასხვა სახეობის დესერტებს სთავაზობს, როგორიცაა ნამცხვრები, ტორტები, ფუმფულა (პონჩიკები), პასკები, სენდვიჩების ხუთი სახეობა და ლიმონათები.

აქამდე საოჯახო სამზარეულოში დამზადებული პროდუქციის შეძენა ონლაინ  იყო შესაძლებელი, მოქმედებდა ადგილიდან გატანის სერვისიც. როგორც ყურბუშაძე აცხადებს, პროდუქციის რეალიზაცია ახლა უკვე შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.  პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც მეწარმემ ბანკისგან 35 000 ლარიანი სესხი მიიღო.

კონკრეტულად, თუ რა შესაძლებლობას მისცემს კვების ობიექტის  გახსნა, კონდიტერი პასუხობს, რომ დაახლოებით ორ თვეში გამოიკვეთება, როცა რეალური სარგებელი ცნობილი გახდება.

‘’ოთხ წელზე მეტხანს  ბიზნესს სახლიდან ვაკეთებდი, რის გამოც სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით პრობლემა იყო. შემოსავალს ვერ ვადასტურებდი ისე, როგორც  სტანდარტი ითხოვდა.  თუმცა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა.  ბუტიკ კაფეს მეშვეობით წარმოებას უკვე საჯაროდ, განსხვავებულ გარემოში ვქმნი, რაც წარმოების ზრდის დიდ შესაძლებლობას მაძლევს“, - აცხადებს ნათია ყურბუშაძე.

მისი განცხადებით, დამწყების ბიზნესისთვის გარკვეული გამოწვევა ნედლეულის არასტაბილური ფასი და იჯარის მაღალი გადასახადია.

„სირთულეს ქმნის ფასის არასტაბილურობა, რაც ამ ტიპის საქმიანობაში გარკვეული დაბრკოლებაა.  საკმაოდ ხშირად იცვლება ფასი და წარმოებაზეც აისახება, რაც მომხმარებელთან უხერხულობას ქმნის. მაქსიმალურად ვცდილობ, დისკომფორტი არ შევუქმნა მყიდველს და ხშირად არ ვცვალო ფასი, როგორც ადრე ვაკეთებდი.

ერთ-ერთი გამოწვევაა იჯარის მაღალი გადასახადიც,  რეალტორებს კომერციულ ფართებზე აქვთ მაღალი გადასახადები, რაც მცირე მეწარმეებისთვის დიდი პრობლემაა. მეტი განვითარებისა და წარმატებისთვის ეს ფაქტორიც ხელისშემშლელია, რასაც ვცდილობ, გავუმკლავდე“ -  აცხადებს ნათია ყურბუშაძე.

ამ ეტაპზე ‘’ფუსფუსი“ ინდივიდუალურ შეკვეთებზეც მუშაობს. კონდიტერის  ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეკვეთებს ძირითადად პასკებზე იღებს. დაგეგმილია 1000-მდე ერთეული პასკის წარმოება, რომლის სარელიზაციო ფასი 29 ლარია (600 გრამიანი შეფუთვა).

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმას,  ყურბუშაძის თქმით,  მაქსიმალურად შეეცდება, რომ  საკონდიტრო არ იყოს  ადგილი, სადაც მხოლოდ მენიუზე იმუშავებენ, არამედ სივრცე ქალთა შეკრებების, აზრთა გაზიარებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.

ცნობისთვის,  ‘’ფუსფუსი“ სახლურ პირობებში დამზადებულ ტკბილეულს მომხმარებელს 2021 წლიდან სთავაზობს. ამავე დასახელების ბუტიკ კაფე საბურთალოზე, სვიმონ კანდელაკის ქუჩაზე მდებარეობს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით