ქართული ელექტრონული კომერცია კრიზისის ფაზაშია. დარგი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ აქტიურად ვითარდებოდა დღეს "ყოფნა, არ ყოფნის" წინაშე დგას.
როგორც ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი, თამარ გოგოლაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმები საქართველოში კომერციულ საქმიანობას ეწევიან, აღნიშნული სტატუსით ქვეყანაში ამანათებს აგზავნიან, თუმცა ადგილობრივ ბიზნესთან შედარებით, ან არანაირ გადასახადს იხდიან, ან მხოლოდ 1%-ს.
თამარ გოგოლაშვილის შეფასებით, მსგავსი პრობლემატური საკითხი ბიუჯეტს ფისკალურ ზარალს აყენებს.
"როგორც ონლაინ მაღაზიები, ასევე მათთან დაკავშირებული საკურიერო კომპანიები "ყოფნა არ ყოფნის" წინაშე დგანან. რაც შეეხება მიზეზებს - მოგეხსენებათ ქართული ელექტრონული და ზოგადად კომერცია, როგორც ონლაინ მაღაზიებისგან, ასევე გადაზიდვის სფეროსგან შედგება. როგორ დგინდება ჩვენს ინდუსტრიაში ფასი? პროდუქტის ფასს განაპირობებს, როგორც პროდუქტის, ასევე გადაზიდვის ღირებულება. ადგილობრივი იმპორტიორები პროდუქტს უცხოეთიდან იძენენ და საქართველოში ჩამოაქვთ, ემორჩილებიან გარკვეულ რეგულაციებს, რაც პროდუქტს აძვირებს.
დღევანდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმები სარგებლობენ, რომ ჩვენთან გზავნილები საფოსტო სახით შემოდის, ეწევიან კომერციულ საქმიანობას აღნიშნული სტატუსით აგზავნიან ამანათებს და ქართულ ბიზნესებთან შედარებით არანაირ გადასახადს იხდიან. საერთაშორისო აქტორები დღევანდელ რეგულაციებს, ადგილობრივ კანონებს არ ემორჩილებიან და შესაბამისად, მათი პროდუქცია უფრო იაფი ჯდება. მსგავსი უთანასწორობა საფოსტო საკურიერო კომპანიებთანაც გვხვდება.
საერთაშორისო აქტორები სარგებლობენ საერთაშორისო გადაზიდვის სტატუსით, დღგ-ს არ იხდიან, რადგან უმეტესწილად თანამშრომლები დასაქმებული მომსახურების ხელშეკრულებით ჰყავთ და ბიუჯეტში მხოლოდ 1%-ი შეაქვთ. აღნიშნული საკითხი ბიუჯეტს ფისკალურ ზარალს აყენებს", - აცხადებს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი.
თამარ გოგოლაშვილი გამოსავლის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა და საუბარი.
"გამოსავალს სახელმწიფო სტრუქტურებთან საუბარში ვხედავთ. ბიზნესსომბუდსმენს მივმართეთ, მან საკითხი სხვადასხვა, უწყებებთან გადაამისამართა. ჩვენი პირველად თხოვნაა რომ სახელმწიფო უწყებები შეგხვდეს და ვისაუბროთ. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტრომ საკითხი უნდა შეისწავლოს...", - აღნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი.