2025 წლის სექტემბერში, ბათუმის პირველად ბაზარზე (ახალი ბინა) კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1 821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0% ზრდაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის 2025 წლის III კვარტალის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.
"მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ქირას, 2025 წლის სექტემბერში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (30-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 10.8 აშშ დოლარი გახდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც მიმოხილვაში ვკითხულობთ, 2025 წელს ზღვისპირა ქალაქში პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები 2024 წლის შემცირებული მაჩვენებლის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4 893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია.
"ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.