ავტოიმპორტიორები ისევ ცვლილებების მოლოდინში არიან და იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რაც მათი შეფასებით, საქართველოს ავტოპარკის ხანდაზმულობას განაპირობებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Caucasus Auto -ს კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა, ქვეყანაში ასიათასობით 50 წელზე ზევით მანქანაა რეგისტრირებული, რომლებიც უკვე დიდი ხანია ექსპლუატაციაში აღარ არის, თუმცა მათი სისტემური ჩამოწერა არ მომხდარა, ეს კი აფუჭებს სტატისტიკებს.
„თუ შევხედავთ ევროკავშირის სტატისტიკებს, იქ ავტომობილების საშუალო ასაკი არის 12 წელი, ჩვენთან არის 14 წელი, ეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უამრავი ამორტიზებული მანქანაა, რომლებიც დღეს ექსპლუატაციაში აღარ არის, ისინი კვლავ რეგისტრირებულები არიან. მაგალითისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ავტოპარკში, თუ სწორად მახსოვს, მეოთხე ადგილზეა „ლადა“, დაახლოებით, 150 ათასი ავტომობილია დარეგისტრირებული, თუმცა ეს მანქანები უკვე თვალითხილული აღარ არის. ეს იმდენად დიდი რაოდენობაზეა საუბარი, წესით, ყოველი მეათე მანქანა „ლადა“ უნდა გვხვდებოდეს, თუმცა ეს ასე არ არის. ამ ავტომობილების ექსპლუატაციის ვადა კარგა ხნის გასულია და არც არის ექსპლუატაციაში, მათი ნაწილი ან დაშლილია, ან გადაყრილია, ან - უბრალოდ, ჯართშია ჩაბარებული, თუმცა, მათი ჩამოწერა არ ხდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას „ოპელის“ მარკის ავტომობილებზე - 100 ათასზე მეტია დარეგისტრირებული, თუმცა ესენიც აღარ გვხვდება. სწორედ ეს აფუჭებს სტატისტიკას. ამ სტატისტიკების „გაპატიოსნების“ შემდეგ, შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ ევროპის ავტოპარკის საშუალო ასაკი ზუსტად“, - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მსყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, აშშ-დან მეორადი, დაზიანებული ავტომობილები შემოიყვანოს ძალიან იაფად, გადაამუშაოს და მიიღოს იგივე ხარისხის პროდუქტი ევროპის ფასებზე გაცილებით იაფად. „ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოს ავტოპარკი სწრაფად განახლდა და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს“, - განმარტა Caucasus Auto -ს კომერციულმა დირექტორმა.
ალექსანდრე ვეკუამ მთავრობის ინიციატივაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
Caucasus Auto -ს კომერციული დირექტორის შეფასებით, ახალი კანონი ავტოპარკის განახლების ნაცვლად დაძველების რისკს ქმნის. მისი თქმით, საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ფინანსურად არ შეუძლია 6 წლის ან უფრო ახალი ავტომობილის შეძენა, მოუწევს საკუთარი ძველი მანქანის დატოვება და მისი ექსპლუატაციის ვადის გაზრდა.