logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რადიო ქალაქისა და თემქის პარკის პროექტებმა, მუხიანსა და თემქაზე, შესაძლოა ბინების ფასი გაზარდოს" - Eristavi Estates

მუხიანის დასახლებასა და თემქაზე ბინების ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის მიმზიდველობას მატებს ამათუ იმ უბანს, - ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია Eristavi Estates-ის  მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც  მუხიანის დასახლებაში მიმდინარე პროექტი - "რადიო ქალაქი"  და თემქის პარკის მოწყობის გავლენა შეაფასა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უბნებს ახალი პერსპექტივები გაუჩნდეს.

"შეიცვლება მოთხოვნა დადებითისკენ და ბინების ფასიც, სავარაუდოდ, გაიზრდება. პარკის, გასართობი სივრცისა და მსგავსი ტიპის სივრცეების მოწყობა იწვევს ხალხის დამატებით ინტერესს. 

მაგალითად, რადიო ქალაქი არის პროექტი, რომელიც მჯერა, რომ მიკროგარემოს გამოაჯანსაღებს და ადგილზე მიზიდულობის ახალ ცენტრს შექმნის", - აცხადებს ზურაბ ერისთავი.

ცნობისთვის, მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ რადიო ქარხანას "აჭარა ჯგუფი" კრეატიული ეკონომიკის ახალ კერად აყალიბებს. პროექტი მიზნად ისახავს მხატვრების, მეწარმეების, პედაგოგებისა და სხვა სფეროების პროფესიონალების ჩაბმას ახალი ეკოსისტემის სინერგიაში.

რადიო ქალაქის ტერიტორია 12 ჰექტარს მოიცავს, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, ხელოვნების ბაზრობებისა თუ არტისტების რეზიდენციების გასამართად. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ატელიები, სტუდიები და მრავალი სხვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო კუთხე. 

რაც შეეხება თემქას - 20 ოქტომბერს ზღვისუბანში საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაიხსნა. მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მანძილზე თბილისში არ მოწყობილა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები და დაირგო 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე. სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს.

გამოგვყევით