თურქული ტანსაცმლის ბრენდი LC Waikiki მიმდინარე წელს, რეგიონების კუთხით გაფართოებას გეგმავს. როგორც ბრენდის რეპორტების აღმასრულებელმა ნიკა ზაქარეიშვილმა"ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, LC Waikiki-ის ფილიალები გორში და თელავში დაემატება.
მისივე ინფორმაციით, თითო მაღაზიის გახსნის ინვესტიცია 1.7 მლნ ლარამდე იქნება.
"2 ფილიალის გახსნისთვის კომპანია, დაახლოებით, 3 მლნ. ლარს დახარჯავს. აღნიშნული მაღაზიების გარდა, თუ ბაზარზე რაიმე სიახლე გაჩნდა, მათ შორის, თუ ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის საინტერესო იქნება, დამატებითი ფილიალის გახსნას არ გამოვრიცხავთ", - აცხადებს ნიკა ზაქარეიშვილი.
ამასთან, რეპორტების აღმასრულებელი აღნიშნავს, რომ LC Waikiki ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად რჩება. მისი თქმით, 2024 წელს, საქართველოს ბაზარზე კომპანიის გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში კომპანიას 154 მლნ ლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა, ხოლო 2024 წელს შემოსავალმა 184 მლნ. ლარი შეადგინა. (დღგ-ს გარეშე)
ცნობისთვის, თურქული ტანსაცმლის ბრენდი LC Waikiki ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და ამჟამად, ჯამში 17 ფილიალს და ონლაინ გაყიდვების პლატფორმას ფლობს. LC Waikiki საქართველოს მასშტაბით, საშუალოდ, 700 ადამიანს ასაქმებს.