logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამშენებლო მასალებისა და საფეიქრო ინდუსტრიის სექტორი ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობას მალე გამოიყენებს"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

სამშენებლო მასალებისა და საფეიქრო ინდუსტრიის სექტორი ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობას მალე გამოიყენებს. ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა გვანცა მელაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სექტორის კომპანიებს ევროკავშირში ვაჭრობის გამოცდილება უკვე აქვთ.

"სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულა და შესაძლებლობები გაიხსნა. მე ვიტყოდი, რომ ბიზნესის ნაწილი მზად არის, განსაკუთრებით ის ბიზნესები, რომლებსაც ადგილობრივ ტენდერებში, საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. შედარებით მსხვილი ბიზნესებისთვის, რომლებიც უკვე გადიან ექსპორტზე ევროკავშირში - მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება მონაწილეობა, ვიდრე მცირე საწარმოებისთვის. ვისაც აქვს სტრატეგია, რომ ევროკავშირში გაყიდოს პროდუქტი - ეს არის დამატებით ახალი შესაძლებლობა. ჩვენ ვეხმარებით ხოლმე კომპანიებს გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე და როგორც დაკეტილ, ბნელ ოთახში ისე ეძებენ ხოლმე მყიდველებს.  აქ უკვე მოთხოვნას უპასუხებენ და ეს ბევრად უფრო მარტივია განსახორციელებლად.

ზოგადად, ევროკავშირში ექსპორტის მიმართ ინტერესი  ყოველ წელს იზრდება. ყოველ წელს მეტი და მეტი მომართვიანობა გვაქვს ამ მიმართულებით და არიან კომპანიები, რომლებსაც მხოლოდ ამ გეოგრაფიაში წარმოუდგენიათ თავიანთი ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია. ვფიქრობ, რომ კონკრეტული სამშენებლო მასალები და საფეიქრო ინდუსტრია მალე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. რეალურად ასეთი ტიპის პროდუქციაზე მოთხოვნა საჯარო შესყიდვებში უფრო ხშირად არის ხოლმე და ესენი არიან კომპანიები, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება ევროკავშირში ვაჭრობის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ისინი იქნებიან "პირველი მერცხლები" ამ მიმართულებით“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა დემეტრაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აღნიშნა, სააგენტოში შექმნილია ცხელი ხაზი და სპეციალური საკონსულტაციო დანაყოფი, რომელიც ბიზნესსაზოგადოებას მოთხოვნებს უკეთესად გაცნობაში დაეხმარება.

"საჯარო შესყიდვების რეფორმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ბევრი განზომილება აქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო დეტალურად გავწეროთ წესები და რეგულაციები. ხდება ევროლეგულაციების ქართულ იურიდიულ სივრცესთან, ბიზნესის ტრადიციასთან მისადაგება. ჩვენ ამით ვცდილობთ ჰარმონიზება მოვახდინოთ ევროპულ და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებთან. მეორე დიდი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად - ეს არის ცოდნა. მესამე საინტერესო სფერო არის ის, რომ ყველა მსხვილ ბიზნესასოციაციასთან ჩვენ გვაქვს გარკვეული კოლაბორაციები დამყარებული, გვაქვს პროფესიული ურთიერთობა მათთან. USAID-ის პროგრამის დახმარებით ვაპირებთ მათ ჩართულობას თუნდაც მეორადი კანონმდებლობის შექმნაში, სახელმძღვანელოების უფრო დეტალურ გაცნობაში და სხვ. სააგენტოში ცხელი ხაზი და სპეციალური საკონსულტაციო დანაყოფია შექმნილი, რომელიც დაეხმარება ბიზნესსაზოგადოებას, რომ უკეთესად გაეცნონ მოთხოვნებს", - განაცხადა კახა დემეტრაშვილმა.

გამოგვყევით