logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველო ძალიან მცირე ბაზარია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი ქსელი უცხოეთში გავაფართოოთ" - Gepherrini

საქართველო ძალიან მცირე ბაზარია და ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენი ქსელი უცხოეთში გავაფართოოთ, - ამის შესახებ ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის ექსპორტის წილის 80%-მდე ზრდას გეგმავს.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზარი ყოველწლიურად რეგრესს განიცდის და დაბალშემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.  კვება სულ სხვა მიმართულებაა და ჩვენი პროდუქცია უფრო ფუფუნების საგანია და ეს ყველაფერი აღნიშნულ სექტორს უფრო მეტად ეტყობა. მიმდინარე წელს გვინდა, რომ ექსპორტის მიმართულება 80%-მდე გავზარდოთ და საქართველოს ბაზარზე 20%-ით დავრჩეთ. 

ჩვენი პროდუქცია, ამჟამად, 13 ქვეყანაში იყიდება. გარდა ამისა, დამატებით მოლაპარაკებები გვაქვს ბრაზილიასთან. მოცემულ მომენტში უფრო მეტად ვცდილობთ, რომ არსებულ ქვეყნებში ჩავდოთ მეტი ინვესტიცია, რათა სადისტრიბუციო ხაზები განვავითაროთ და გაყიდვების ქსელი გავზარდოთ", - აცხადებს ილია გეფერიძე. 

მანვე აღნიშნა, რომ ქართული წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია ბანკების მხრიდან დაფინანსება და ხელშეწყობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს. 

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის, მათ შორის, ჩინეთში, სადაც Gepherrini 2 ფიზიკურ მაღაზიას ფლობს და ასევე, ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია.

გამოგვყევით