logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შოკოტელა" თბილისში მესამე ფილიალის დამატებას გეგმავს

ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია "შოკოტელა" თბილისში მესამე ბრენდულ მაღაზიას ხსნის. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი, სავარაუდოდ, საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნება და აღნიშნული პროექტის ინვესტიცია 30 000 ლარამდე იქნება.

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ გაორმაგებულია. კერძოდ, ყველაზე დიდი მოთხოვნა სადღესასწაულო დღეებში შოკოლადის "ბოქსებზეა", ხოლო ყოველდღიურად, დუბაის შოკოლადის ფილა ისევ აქტუალური რჩება. 

ჩვენი მომხმარებლების არიან როგორც ფიზიკური პირები ისე კორპორატიული სეგმენტი, რომელთა წილი მთლიან გაყიდვებში, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.

გარდა ამისა, კომპანია ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნულზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს "შოკოტელას" პროდუქცია ქსელურ მარკეტებშიც ხელმისაწვდომი იქნება.

ამასთან, "შოკოტელას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. მარიამ კაპანაძის თქმით, ქსელურ მარკეტებში შესვლის პარალელურად "შოკოტელა" ხუთამდე დასახელების პროდუქტს დაამატებს.

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია 2 საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

გამოგვყევით