აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი სატარიფო პოლიტიკა, საბედნიეროდ, ფეროშენადნობების სექტორს არ შეეხო. აღნიშნული გადაწყვეტილება პერსპექტივას გვისახავს იმისას, რომ ამერიკის ბაზარზე უფრო მსხვილად ვიქნებით წარმოდგენილი, - ამის შესახებ "ფეროშენადნობთა ასოციაციის" პრეზიდენტმა ნუგზარ კევლიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ისთვის ფეროშენადნობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"თვითონ აშშ-ში წარმოებული ფეროშენადნობები მოთხოვნის მხოლოდ 50%-ს აკმაყოფილებს. სატარიფო პოლიტიკა იმისთვის დაწესდა, რომ ამერიკის შიდა წარმოება წახალისდეს და გაიზარდოს. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ აშშ-ში მეტალის წარმოება საგრძნობლად გაიზრდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფეროშენადნობებზე მოთხოვნის გაზრდას. ვფიქრობთ, რომ ფასიც უნდა გაიზარდოს და აქედან გამომდინარე, საქართველოდან ექსპორტიც გაიზრდება აშშ-ში და ეს საშუალებას მოგვცემს აღნიშნულ ბაზარზე ფეხი უფრო მძლავრად მოვიკიდოთ", - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
მისივე განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზმა" სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა, რაც ექსპორტის გაზრდას გამოიწვევს და სტატისტიკაზეც აისახება.
"ვფიქრობ, რომ ექსპორტის მიმართულება, 2 წლის წინანდელ კვარტალურ ნიშნულს უნდა მიუახლოვდეს. ყველა პროგნოზირებს, რომ ფასი გაიზრდება. ამ დროისთვის, 1 ტონა ფეროშენადნობების ღირებულება 1300 დოლარამდეა, მისი თუნდაც 200 დოლარით ფასის ზრდაც რომ მოხდეს, ეს უკვე საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში თითქმის ყველა საწარმო ჩაირთოს.
ძალიან საგულისხმოა ის მომენტიც, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია, რაც პერსპექტივას გვისახავს იმისას, რომ საწარმოებმა გარისკონ და ფუნქციონირება დაიწყონ, გამოუშვან პროდუქცია, რომელიც 100%-ით ექსპორტზე გავა. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი წილი თურქეთზე მოდის, ის ჩვენი უდიდესი პარტნიორია. თუ სამშვიდობო პროცესები უფრო სწრაფ ტემპში წარიმართა, თუ მშვიდობა უფრო მალე დამყარდა, ევროპის ბაზარი გამოცოცხლდება, რაც მეტალზე მოთხოვნას ავტომატურად გამოიწვევს, მყისიერი იქნება ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნის ზრდაც", - აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს ამოქმედდა.
CNBC-ის ინფორმაციით, ტარიფები არ ეხება შემდეგ პროდუქციას:
- ფარმაცევტული პროდუქტები
- ნახევარგამტარები
- ხის მასალა
- სპილენძი და ოქრო
- ენერგეტიკული რესურსები და მინერალები, რომლებიც აშშ-ში მიუწვდომელია.