logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისში, იტალიური Napapijri-ის ბრენდული მაღაზია იხსნება

იტალიური ბრენდის Napapijri-ის პირველი მონობრენდი 2024 წლის მარტში "სითი მოლი" თბილისში გაიხსნება. როგორც ,,ბიზნესპარტნიორთან“  ბრენდის  ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე განმარტავს, Napapijri ქართული ბაზრისთვის  საინტერესო ბრენდია, რომელიც  წარმოების ხარისხით, თავისუფალი სტილითა და ტექნოლოგიით გამოირჩევა.

როგორც ჩხეიძე განმარტავს, აქამდე Napapijri-ს ბრენდის პროდუქცია "მეგასპორტის"  სხვა ბრენდულ  მაღაზიებში (11 მაღაზია თბილისის მასშტაბით) იყიდებოდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ აღნიშნული ბრენდის მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

,,წელი საკმაოდ წარმატებულად  დავასრულეთ.  2024 წელს  რაიმე მნიშვნელოვან სიახლეს არ ვგეგმავთ, გარდა იმისა, რომ "სითი მოლში" Napapijri-ის მაღაზიას გავხსნით. ძირითად რესურსს  მაღაზიების გახსნისკენ მივმართავთ, საიჯარო ხელშეკრულებები გვიმთავრდება და განთავსების ახალი ობიექტების მოძიება მოგვიწევს. უძრავი ქონების ბაზარზე ფასები იმდენად გაზრდილია, რომ უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამიტომ გარკვეული გადაჯგუფება მოგვიწევს, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. რაც შეეხება ახალ მაღაზიას, კონტაქტზე ხელი უკვე მოვაწერეთ.  Napapijri-ის პირველი მონობრენდს მარტში გავხსნით“, - აცხადებს დავით ჩხეიძე.

მისი ინფორმაციით, ახალ  მაღაზიაში საწყის ეტაპზე 5 ადამიანი დასაქმდება.

იტალიური ბრენდის ისტორია 1987 წელს იწყება, როდესაც ლეგენდარული "Bering Bag" შექმნეს, რომლის სტილმა, პრაქტიკულობამ და ხარისხმა კომპანიას დიდი აღიარება მოუტანა. რაც შეეხება კომპანია ,,მეგასპორტს“, მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ამ დროისთვის კომპანია „მეგასპორტი"  თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს, სადაც 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით