ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი - ახალი არჩევნები იქნება თუ სხვა რამ, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, - ამის შესახებ კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნესზე პირდაპირ აისახება.
"მოვისმენთ მათ პოზიციებს. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესის პოზიცია არის ის, რომ რაც არის გასაკეთებელი, ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს. თუ საჭირო იყო, კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა - უნდა გადაიდგას. მე ვმართავ აეროპორტს და პოლიტიკაში ნუ გამრევთ. ჩვენ, აეროპორტს გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში.
აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ", - აცხადებს თეა ზაქარაძე.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დეკემბერში მცირე შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა. თუმცა თუ იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდა აღნიშნული პროცესები, ეს ყველაფერი ბიზნესზე აისახება.
ცნობისთვის, ბიზნესების ნაწილი ქვეყანაში არსებული ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.