logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ტივი" მიმდინარე თვეში მცირე ზომის გემის დამატებას გეგმავს - პროექტის ინვესტიცია ₾1.5 მლნ-ს შეადგენს

"ტივი" მიმდინარე თვეში მცირე ზომის გემის დამატებას გეგმავს - პროექტის ინვესტიცია ₾1.5 მლნ-ს შეადგენს, - ამის შესახებ "ტივის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ კოტრიკაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მსგავსი მოცულობის საცურაო საშუალება მტკვარზე პირველად გამოჩნდება. ნიკოლოზ კოტრიკაძე განმარტავს, რომ გემზე 30-მდე  ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

"ტივი" დაახლოებით, 2 წელია, რაც ბაზარზეა, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ კატერების გაქირავების სერვისი გვქონდა. რაც შეეხება რესტორანს - უკვე წელიწადზე მეტია, რაც მომხმარებლებს სარესტორნე მომსახურებას ვთავაზობთ. "ტივი" 95%-ით ადგილობრივ ბაზარზე მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ მდინარე მტკვარი აუთვისებელი იყო და ის საცურაო საშუალებები, რომლებიც ბაზარზე არსებობდა ტურისტებზე იყო ორიენტირებული - ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული სერვისი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა. ადგილობრივებისთვის მტკვარზე გასეირნება და სარესტორნე მომსახურების მიღება არაპოპულარული იყო. მტკვარს გაფუჭებული ჰქონდა სახელი, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ადგილობრივებში იყო წარმოდგენა, რომ მდინარე ბინძურია და მასში კანალიზაცია ჩაედინება. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს შეხედულება შეგვეცვალა, თუმცა გარკვეულწილად მსგავსი წარმოდგენები ისევ დარჩა. 

ამჟამად, ჩვენი მომხმარებლების 90%-ს ადგილობრივები წარმოადგენენ, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი, შედარებით დიდი ზომის მცურავი საშუალების დამატებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ვითანამშრომლოთ ტურისტულ კომპანიებთან. აქამდე, აღნიშნულ მიმართულებაზე აქტიურად არ ვმუშაობდით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ტურისტულ კომპანიებს ჯგუფები ჩამოჰყავთ ქვეყანაში და ჩვენი არსებული საცურაო საშუალებებით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეგვეძლო", - აცხადებს ნიკოლოზ კორკოტაძე. 

გარდა ამისა, "ტივის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში კიდევ ერთი შედარებით დიდი მოცულობის მცურავი საშუალების დამატებას გეგმავს.

ცნობისთვის, მტკვარზე არსებული რესტორანი "ტივი" ამ ეტაპზე, 2 კატერს ფლობს.

გამოგვყევით