logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვფიქრობთ, კაფე თბილისის ისეთ უბანში გავხსნათ, სადაც ტურისტებზე დამოკიდებული არ ვიქნებით" - Chizzzy

ჩვენი კაფე სოლოლაკში მდებარეობს, სადაც ადგილობრივი მცხოვრები, ავარიული შენობების გამო, ძალიან მცირეა და ძირითადად, ტურისტებით არის დატვირთული. წელს ამერიკელი და ევროპელი ტურისტების ნაკლებობაა და მათ ნაცვლად ტურისტები ინდოეთიდან და პაკისტანიდან არიან, რომლებიც ჩვენი მომხმარებლები ნაკლებად არიან. შესაბამისად, ვფიქრობთ, კაფე თბილისის ისეთ უბანში გავხსნათ, სადაც ტურისტებზე დამოკიდებული არ ვიქნებით, - ამის შესახებ გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy-ის  დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობა განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს და საოჯახო ბიზნესებს აზარალებს. გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, ინდოელ და პაკისტანელ ტურისტებს საკუთარი ქვეყნის კერძები ყველაზე მეტად უყვართ, ქართული სამზარეულოს მოყვარულები არ არიან და შესაბამისად, არც ქართულ რესტორნებსა და კაფეებს სტუმრობენ.

"მოგეხსენებათ, რომ იანვარში, სოლოლაკში კაფე გავხსენით და პირველი 6 თვე, რომ შევაჯამოთ - აღნიშნული უბანი, ფაქტობრივად, ტურისტის გარეშეა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ბიზნესზე. წლების წინ სოლოლაკი ძალიან დატვირთული იყო ტურისტების კუთხით და კაფის გახსნისთვის აღნიშნული ლოკაცია სწორედ ამიტომ შეირჩა. ამჟამად, ვმუშაობთ გეგმაზე თუ როგორ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და რაზე გავაკეთებთ აქცენტს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენს სექტორზე განსაკუთრებით, მცირე ზომის ობიექტებზე უარყოფითად იმოქმედა. 

საერთო ჯამში, ჩვენი კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით არის გაზრდილი, რაც ქსელურ მარკეტებში მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. კაფესთან დაკავშირებით კი, რა მოლოდინებიც გვქონდა, სამწუხაროდ არ გამართლდა. ამჟამად, ჩვენი გაყიდვების 70% ქსელურ მარკეტებზე მოდის, ხოლო 30% კაფეზე. როგორ განვითარდება ჩვენი კომპანიის მუშაობა, რა სტრატეგიას ავირჩევთ და სიტუაციიდან გამომდინარე რაზე გავაკეთებთ აქცენტს - ეს სავარაუდოდ, უფრო ზუსტად, ზაფხულის პერიოდში გამოჩნდება", - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და  თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. ეს არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე ვართ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით