ღვინის მწარმოებელი კომპანია ‘’ჟუჟუნა“ წლევანდელი წლის მთავარ გეგმას გლობალურ ბაზრებზე გაფართოებას მიიჩნევს. როგორც ‘’ჟუჟუნას“ დამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, საექსპორტო ბაზრებს 2023 წლის ბოლოს აშშ და აზერბაიჯანი დაემატა, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
‘’ექსპორტის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. პრიორიტეტად რჩება და ვცდილობთ საექსპორტო არეალის გაფართოებას. ამ ეტაპზე გავდივართ ლიეტუვაში, იაპონიასა და ჩინეთში. ინოვაციური, განსხვავებული პროდუქტი გაქვს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მეტ ქვეყანას გავაცნოთ ჩვენი ღვინო და ადგილობრივ ბაზარზეც ვიყოთ წარმატებულები. საქართველოში Horeca სექტორში აქტიურად ვართ წარმოდგენილი. დღეს მდგომარეობით, საკმაოდ მყარად მოვიკიდეთ ფეხი რითეილ ბაზარზეც, „ჟუჟუნა“ უკვე 300-მდე ობიექტში განთავსდა. მოთხოვნა-მიწოდების პრობლემაც მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია. მთავარი სწორება მაინც ექსპორტზეა. წელს ამ მიმართულებით მუშაობას გავაძლიერებთ, თუმცა კონკრეტულად რომელ ბაზრებზე შეიძლება გავიდეთ, ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებთ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას და დეტალებს ახალ ბაზრებთან დაკავშირებით ვაზუსტებთ“, - აცხადებს ვასკა ჩუბინიძე.
‘’ჟუჟუნას“ დამფუძნებელი ჩინეთში საექსპორტო შესაძლებლობების ზრდაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ უვიზო მიმოსვლის დაშვება გარკვეულ დადებით როლს შეასრულებს.
‘’ჩვენ 2019 წელს ვიყავით ჩინეთში გამოფენაზე, ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა აქამდეც არ შეგვქმნია, თუმცა რაც ნაკლები ბიუროკრატია იქნება, პარტნიორებთან ურთიერთობებს გაგვიადვილებს. შესაბამისად, გარკვეული დადებითი გავლენა ჩინეთში ექსპორტის კუთხით ნამდვილად იქნება. ჩვენც უფრო მეტად შეგვიწყობს ხელის რომ უფრო მოქნილები გავხდეთ“, - აცხადებს ვასკა ჩუბინიძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექსპორტს წარმოების 50% უჭირავს.
კომპანია ჯამში 3 სახეობის ღვინოს აწარმოებს: მწვანე, ვარდისფერი და ქარვისფერი ჟუჟუნა. აქედან ქარვისფერი საექსპორტო ღვინოა.
ცნობისთვის, ,,ჟუჟუნა“ პირველი ქართული ნახევრად-ცქრიალა ღვინოა, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია საწარმოს ფლობს კახეთში, ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ყიდულობს, რომლებთანაც გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
„ჟუჟუნა“, პირველად, 2018 წელს გამოჩნდა. ეს იყო ჩამოსასხმელი, მშრალი, ნახევრად ცქრიალა ღვინო, რომელსაც მუსიკალურ ფესტივალებზე, „ივენთებზე“ და HoReCa (Hotel, Restaurant, Cafe) სექტორში შეხვდებოდით.
მარი ჩიტაია