logo
Loading data...

რა არის ევროკავშირი?

რა არის ევროკავშირი?

1710760860

ევროკავშირი იგივე ევროპის კავშირი ზესახელმწიფოებრივი მმართველობის მაგალითია, რომელიც მიზნად რეგიონულ ინტეგრაციას, მშვოდობის დაცვასა და უსაფრთხოებას ისახავს. ორგანიზაციის შექმნის იდეა, ევოლუცია და გაფართოებები  ევროპული პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოებრივ ცვლილებებს სრულად ეხმიანება. ბლოგის მიზანია, მკითხველს ევროკავშირის მრავალფეროვანი ისტორია გააცნოს და სახელმწიფოს განვითარების სხვადასხვა ასპექტში ორგანიზაციის როლი მიმოიხილოს.

ევროკავშირის ისტორია

ევროკავშირმა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც წევრების რაოდენობას, პოლიტიკას და მის სახელწოდებასაც კი უკავშირდება. ევროპული გაერთიანების საწყისები მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდს უკავშირდება. რამდენიმეწლიანი ომის შედეგად ნანგრევებად ქცეული ევროპული ქალაქები სწრაფ რეაბილიტაციას, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სტაბილურ სოციო-პოლიტიკურ დღის წესრიგს საჭიროებდა. აღმშენებლობისა და მშვიდობის დამკვიდრების ძიებისას გაჩნდა იდეა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და გაზრდილი ურთიერთდამოკიდებულების ხარჯზე, პოტენციური კონფლიქტების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის დამფუძნებლები  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რობერტ შუმანი და ფრანგი ეკონომისტი, ჟან მონე არიან. სწორედ ამ ორი ისტორიული ფიგურის ინიციატივის შედეგად დაიწყო სვლა ევროპული გაერთიანებისაკენ - ექვსი ქვეყნის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და დას. გერმანიის მიერ პარიზის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული საზოგადოება შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის ეს შემთხვევა თანამშრომლობისა და ურთიერთდამოკიდებულების შედეგად მოსალოდნელი კონფლიქტების შეკავების ნათელი მაგალითია.

როდის დაერქვა ევროკავშირი?

როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროპული ინტეგრაციისაკენ გადადგმული პირველ ნაბიჯად სწორედ ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება მიიჩნევა. დროთა განმავლობაში არაერთი გამოწვევისა და რეფორმის გატარების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რომლითაც ახლა ფუნქციონირებს. იგულისხმება, რომ 1993 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე გაერთიანებას ევროკავშირი ეწოდა. გარდა ამ განსაზღვრებისა, მიღწეული შეთანხმების შედეგად ევროპული მოქალაქეობის კონცეფცია შეიქმნა, ჩამოყალიბდა ორგანიზაციის საყრდენი პრინციპები და დადგინდა ევრო, როგორც ევროპულ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების სახელმწიფო ვალუტა.

ევროპის კავშირი დღეს

დღეს ევროკავშირი უნიკალური ერთეულია, რომელიც მთავრობათშორის თუ ზესახელმწიფოებრივ ელემენტებს მოიცავს და  27 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება ციფრული ტრანსფორმაცია, ეკონომიკური განვითარება და ა.შ.

რატომ შეიქმნა ევროკავშირი და რა მიზნები აქვს მას?

თავის არსში, ევროკავშირი კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს. ეს იმიტომ, რომ ეკონომიკური თეორიების მიხედვით, ქვეყნები, რომლებიც ერთად ვაჭრობენ, უფრო მეტად ერიდებიან ერთმანეთთან ომს. თუმცა, ამას გარდა, ორგანიზაცია წევრი ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების ხელშეწყობასა თუ განვითარებას მრავალი მიმართულებით მოიაზრებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ქმნის სივრცეს, რომელსაც არ აქვს შიდა საზღვრები. იგულისხმება, რომ ევროკავშირი თავისუფალი, უსაფრთხო და სამართლიანი არეალის შენარჩუნებას ცდილობს, სადაც ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და სხვადასხვა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ამ მიზანს შენგენის ზონა უწყობს ხელს, რომელიც წევრ სახელმწიფოებს პასპორტის გარეშე მოგზაურობისა და დამკვიდრების საშუალებას აძლევს.

ევროპის კავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შიდა ბაზრის ჩამოყალიბებაა, რომელიც რესურსების ეფექტურ გადანაწილებასა და ჯანსაღი კონკურენციის არსებობას გულისხმობს. ეს კი სარგებელს მოუტანს როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გარემოს დაცვისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკას აპარებს. მდგრადი განვითარება ორგანიზაციისათვის პრიორიტეტული საკითხია. ეს მიმართულება ფოკუსირებულია იმგვარ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ეკო-მეგობრულ საფუძვლებზეა აგებული - ბუნებრივ რესურსებს ეფექტურად და რაციონალურად იყენებს.

ევროპული გაერთიანება სოციალურ იზოლაციასა და დისკრიმინაციას აქტიურად ებრძვის. მისი მიზანია  სოციალურ სამართლიანობასა და მის დაცვას, გენდერულ თანასწორობას, თაობებს შორის სოლიდარობასა და ბავშვების უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად, ევროკავშირი სხვადასხვა რეგიონებში უთანასწორობის შემცირებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, ისეთი ორგანიზაციული ინსტიტუციები, როგორიცაა ევროპის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდები, გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს მსგავსი რეგიონების ინფრასტრუქტურული, პოლიტიკური თუ სოციალური გაუმჯობესების საკითხებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაცია კულტურულ მრავალფეროვნებას სიძლიერედ მიიჩნევს და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს. თავისი წევრი სახელმწიფოების ენებისა და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას სხვადასხვა პროგრამებითა და პოლიტიკით უწყობს ხელს.

ევროპის კავშირი სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის მხარდასაჭერადაა მოწოდებული. ისეთი ინვესტიციები, როგორიცაა ჰორიზონტი ევროპა, ინოვაციებისა და კვლევების წარმართვას აფინანსებს.

დაბოლოს, ევროკავშირის მოტივაციაა, რომ თავისი მოქალაქეების მხარდაჭერით, გლობალური საზოგადოების დავას შეუწყოს ხელი. ორგანიზაცია ცდილობს, რომ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და დედამიწის მდგრად განვითარებას ჩაუდგეს სათავეში.  

ფასეულობები, რომლებიც კონტინენტზე მშვიდობას ამყარებს

საერთაშორისო ორგანიზაცია ამკვიდრებს იმგვარ სტანდარტებს, რომლებიც თანასწორი და კონკურენტუნარიანი სახელმწიფოების შენებას უწყობს ხელს.  ევროკავშირის ფასეულობები ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც იაზრებს და იზიარებს ყველა წევრი სახელმწიფო.

ადამიანის ღირსება

ადამიანის ღირსების ცნება ევროკავშირისათვის ფუნდამენტური და ხელშეუხებელია. შესაბამისად, მისი პატივისცემა და დაცვა სავალდებულოა.

თავისუფლება

ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებებს. იგულისხმება, რომ ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის მიხედვით, დაცულია აზროვნების, პირადი ცხოვრების, რელიგიის, გამოხატვის, აზრის თავისუფლება.

თანასწორობა

ევროკავშირი კანონის წინაზე ყველა მოქალაქეს თანაბარ უფლებიანად ცნობს. შესაბამისად, ორგანიზაციის პოლიტიკა ქალთა და კაცთა თანასწორობის პრინციპს ემყარება. აღსანიშნავია, რომ 1975 წელს რომის ხელშეკრულების შედეგად თანაბარი სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურება განისაზღვრა.

დემოკრატია

მნიშვნელოვანია, რომ ევროპული გაერთიანება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ემყარება. ევროკავშირის წევრი ქვეყნისა და მოქალაქის სტატუსი პოლიტიკური უფლებებით სარგებლობას გულისხმობს, რაც დემოკრატიის ფუნდამენტად მიიჩნევა. იგულისხმება, რომ ევროკავშირის ყველა ზრდასრულ მოქალაქე ხმის მიცემის უფლებითა და კანდიდატურის წარდგენის უფლებით სარგებლობს. ამასთანავე, დემოკრატიული მმართველობის პრინცის შესაბამისად, ხალხი სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებას ირჩევს, რომელიც ვალდებული და პასუხისმგებელი თავისსავე ქვეყნის მოქალაქეების წინაშე არიან. ამგვარი მოწყობის წყალობით კი დემოკრატია სტაბილურობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კანონის უზენაესობა

ევროპის კავშირი სრულად იზიარებს და ეყრდნობა კანონის უზენაესობის პრინციპებს. საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედებები სრულად შეესაბამება წევრი სახელმწიფოების ნებაყოფლობითობასა და დემოკრატიულ შეთანხმებას. სამართლიანობა მხარდაჭერილია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით. შესაბამისად, ევროინტეგრაცია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ წესრიგს გულისხმობს, რაც სამართლებრივი აქტების მაქსიმალურ დაცვას გულისხმობს.

როგორ მუშაობს ევროკავშირი?

იმის გაგება, თუ როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირი, მისი ინსტიტუტების, პოლიტიკისა და მიზნების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, შესაძლოა რთული ამოცანა იყოს. თუმცა, ორგანიზაცია ევროპულ საზოგადოებაში თავისი როლის შესასრულებლად თავის ძირითად ინსტიტუტებს იყენებს, რომლებიც პასუხისმგელობებითა და აღსრულების წესების მიხედვით ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. აღსანიშნავია, რომ  ევროკავშირში ზესახელმწიფოებრივი და მთავრობათაშორისო გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა არსებობს, რომელიც ჰიბრიდული სისტემით მიმდინარეობს.

ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები:

  • ევროკავშირის საბჭო - წევრი სახელმწიფოების ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისაგან შედგება და გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ეს ინსტიტუტი ორგანიზაციის პოლიტიკას განსაზღვრავს და კოორდინაციას უწევს მას, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებებიც აქვს, რომელსაც ევროპარლამენტთან იზიარებს;

  • ევროპული საბჭო - შედგება წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებისაგან. ამასთანავე, შემადგენლობაში შედის საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. ეს ორგანო ორგანიზაციის საერთო პოლიტიკის დღის წესრიგსა და პრიორიტეტებს ადგენს;

  • ევროპარლამენტი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ორგანოა. მის წევრებს პირდაპირი წესით ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. დეპუტატები კი ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენენ. ორგანო კანონპროექტების შემუშავებაშია ჩართული. გარდა ამისა, აქვს უფლებამოსილება უარყოს ან დაამტკიცოს ბიუჯეტი;

  • ევროკომისია - კომისია პასუხისმგებელია კანონმდებლობის შეთავაზებაზე, გადაწყვეტილებების შესრულებაზე, ევროკავშირის ხელშეკრულებების დაცვასა და ევროკავშირის ყოველდღიური ბიზნესის მართვაზეა პასუხისმგებელი. იგი ევროკავშირის თითოეული ქვეყნის კომისრისაგანაა დაკომპლექტებული;

  • ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო - ევროკავშირის კანონის ყველა წევრ ქვეყანაში ერთნაირ ინტერპრეტაციასა და გამოყენებას უზრუნველყოფს;

  • ევროპული აუდიტორთა სასამართლო - ამოწმებს ევროკავშირის ბიუჯეტს და ფინანსების სწორად წარმართვას უწყობს ხელს. შესაბამისად, ანგარიშვალდებულებასა და სახსრების სწორ გამოყენებას უზრუნველყოფს.

  • ევროპის ცენტრალური ბანკი - ევროსა და ევროკავშირის მონეტარულ პოლიტიკას მართავს, რომლის მიზანიც სტაბილური ფასების შენარჩუნება და ორგანიზაციის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა.

დაბოლოს, ევროკავშირის ისტორია და მიღწევები ცხადყოფს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, კომპრომისების ძიება და საერთო ინტერესების დაცვა უკეთესი, მშვიდობიანი მომავლის შექმნას უწყობს ხელს. მიუხედავად მრავალი სირთულისა, ევროკავშირი აგრძელებს განვითარებას და ადაპტაციას თანამედროვე მსოფლიოს ცვალებად რეალობასთან. 

საქართველოსა და მსოფლიოს ახალი ამბები შეგიძლიათ უწყეტ რეჟიმში იხილოთ ბიზნესპარტიორის პლატფორმებზე.

ავტორი: სალომე სუხიტაშვილი 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით