ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Bogvi International Trading Company Ltd ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის 25-მდე სხვადასხვა სტილის ღვინო ჩინეთის საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე China Food and Drinks Fair იყო წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, გამოფენა ძიანგსუს პროვინციის ქალაქი ნანჯინგში გაიმართა.
China Food & Drink Fair, რომელიც წელს 113-ედ ჩატარდა, ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურ და გავლენიან გამოფენად ითვლება აზიაში. გამოფენას, ტრადიციულად, 300 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს; გამოფენას ესწრებიან ღვინის იმპორტიორები, ბლოგერები, დისტრიბუტორები, HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) სექტორის, მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მასზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვასა და შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,
2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: Fine Wine Hotel Exhibition, The China Food & Drinks Fair, RAW Wine Shanghai, Shanghai International Wine Challenge (SIWC) და Interwine China 2025.