რასაც ვხედავთ და რასაც მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ხედავს ყველა სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ახლა თქვენ თუ კითხვას სვამთ: დღეს საქართველოს ეკონომიკა არის თუ არა საფრანგეთის და გერმანიის ეკონომიკის მსგავსი, ნამდვილად არ არის და ეს ყველამ კარგად ვიცით. ისტორიაც ძალიან კარგად გვახსოვს, საიდან მოვდივართ, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, სად ჩავიდა ჩვენი ეკონომიკა და საიდან დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.
მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარების შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა და საქართველოს შემთხვევაში ეს ტენდენცია მკაფიოდ ზრდისკენ არის მიმართული.
"აქ მთავარი არის ტენდენცია, რა არის ქვეყნის ტენდენცია, როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ და ტენდენცია არის ზრდა. თან ისეთი სწრაფი ტემპით ზრდა, რომელიც ევროპაში არცერთ ქვეყანას არ აქვს. ილუზიებში ნუ შევალთ. გასაგებია, რომ განვითარებული ქვეყნები ასეთი სწრაფი ტემპით შეიძლება არ იზრდებოდნენ და ჩვენ მეტი შესაძლებლობები გვაქვს, რომ გავიზარდოთ. კი ბატონო, არიან ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები, მაგრამ იმასაც შევხედოთ, ჩვენი ეკონომიკა ზემოთ მიდის, ქვემოთ მიდის თუ ერთ ადგილზე დგას. რეალობა უნდა დავინახოთ“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, სტაბილურობასა და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
"როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ კი, ევროკავშირი არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩემი ქვეყანა ამ ქვეყნებს შორის როდესაც მოხვდება, იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს იმ სივრცეში არსებობა იმ ძლიერ ეკონომიკებთან ერთად. ამას ქვეყანა შეძლებს სწორედ სტაბილური ეკონომიკური განვითარების ტემპით და იმ პოლიტიკის გატარებით, რა პოლიტიკითაც ეს იქნება შესაძლებელი. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, დავბრუნდებით ისევ და ისევ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და სტაბილურ განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს და ესეც მეტყველებს რაღაცებზე, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.