Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტით 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას წლის განმავლობაში. 10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე, შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.
„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ეფექტი ექნება „Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე - 11 მილიარდი ლარი შეემატება საქართველოს ეკონომიკას, წლის განმავლობაში. 10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში საშუალოდ შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტიდან. ამხელა მოგება ექნება როგორც ეკონომიკას, ასევე ბიუჯეტს და გარდა ამისა, შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. აქ საუბარია როგორც დროებით, ასევე, მუდმივ სამუშაო ადგილებზე. 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ პროექტის განხორციელების ეტაპზე და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროქტის დასრულების შემდეგ. ერთ კონკრეტულ პროექტს აქვს ამხელა ეფექტი ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ყოველგვარი ნეგატიური ფაქტორის გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო თავიდან ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში 2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა, სასტუმროების ნაწილში გაჩნდება 1 500-მდე ნომერი, კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.
პროექტში დაგეგმილია $6.5 მილიარდი დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება.