მწვანე ფინანსური პროდუქტების შესახებ გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხელმისაწვდომობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას იწყებს.
ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების ჩართულობით, 2022 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი (ტაქსონომიის რეგულაცია) ძალაში 2023 წლის იანვრიდან შევიდა. მას შემდეგ ბანკები ვალდებულნი არიან მწვანე სესხის საერთო განმარტებით იხელმძღვანელონ და ტაქსონომიასთან შესაბამისი მწვანე სესხების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნულ ბანკს წარუდგინონ.
მწვანე სესხების მონაცემთა დაფა ასახავს ტაქსონომიასთან შესაბამის მწვანე სესხებს სექტორების მიხედვით, მათ დინამიკას დროში და საერთო პორტფელის სტრუქტურას. მონაცემები შეგროვებულია მწვანე სესხების თვიური ანგარიშგების ფორმით და სრულად შეესაბამება მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის რეგულაციას.
ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი ტაქსონომია მწვანე ფინანსური პროდუქტების იდენტიფიცირებისა და ანგარიშგებისთვის ერთიან, მკაფიო და სანდო ჩარჩოს ქმნის. ახალი მონაცემთა დაფა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მწვანე სესხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას როგორც ბაზრის მონაწილეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
მწვანე სესხების მონაცემთა დაფა მდგრადი დაფინანსების ახალი გზამკვლევის განხორციელების ფარგლებში შეიქმნა და ყოველთვიურად განახლდება.