მოკლევადიანი გაუმჯობესების შემდეგ, ფეროშენადნობების სექტორი ისევ ღრმა კრიზისში შედის. მართალია, ზაფხულის ფეროშენადნობებზე და მოთხოვნა მცირე ხნით გაიზარდა, თუმცა უკვე რამდენიმე კვირაა ბაზარზე ისევ დაღმასვლაა.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესების მიუხედავად, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცირედი გაუმჯობესების შემდეგ, დარგი ისევ კრიზისის მოლოდინშია. ნეგატიური პროცესები უკვე დაწყებულია. ფეროშენადნობებზე ფასები იკლებს და ამას ემატება ისიც, რომ ზამთარში ევროპაში ელექტროენერგია ძვირდება, რაც ბუნებრივია ფეროშენადნობებზე მოთხოვნის კლებას განაპირობებს.
როგორც ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, ქვეყნისთვის მთავარ საექსპორტო პროდუქტზე, ფერო სილიკონ მანგანუმზე, ფასი უკვე 1200 დოლარამდეა ჩამოსული და სექტორი პროდუქტის ღირებულების კიდევ უფრო მეტ კლებას ელის.
„ბოლო კვირების განმავლობაში ისევ შეიმჩნევა ფასის კლება ჩვენს პროდუქციაზე. ტენდენცია მსოფლიო ბაზარზე ნეგატიურია, მეტალის წარმოება შემცირებულია. ზამთარში ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეტალურგიის დარგი უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, ვინაიდან ევროპაში ელექტროენერგია ძვირდება, რაც ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნას კიდევ უფრო შეამცირებს.“-აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.
მისივე თქმით, ფეროშენადნობებზე მოთხოვნისა და ფასების შემცირების მიზეზი მრავალმხრივია. მათ შორისაა, გლობალურად მეტალის წარმოების მნიშვნელოვნი კლება, რაც თავის მხრივ რუსეთ -უკრაინის ომით არის განპირობებული. ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ 6 ფეროშენადნობების მწარმოებელი საწარმო აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მოლოდინია, რომ მათი ნაწილი მალე ისევ საწარმოო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცნობისთვის, იანვარ აგვისტოში ფეროშენადნობების ექსპორტი 90%-ით გაიზარდა და ქვეყნიდან 219 მილიონი დოლარის ღირებულების ფერო სილიკონ მანგანუმი გავიდა. ფეროშენადნობები ექსპორტზე ძირითადად ამერიკასა და თურქეთში გადის.