2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, აქედან ექსპორტი 403.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 604.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 45.5 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, 1 200.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 პროცენტია.
2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (74.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.2 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (45.2 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (357.3 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (266.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 75.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (361.7 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (267.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით (3.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).