logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლევან დავითაშვილი: მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება

მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის მოხსენებაშია აღნიშნული. 

მისივე შეფასებით, 2024 წელი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვნად პოზიტიური და დამაიმედებელი ტენდენციებით დაიწყო. 

"2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის გარკვეული გაჯანსაღების მიუხედავად,  გეოპოლიტიკური  შოკების ფონზე კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება გაურკვევლობა, მნიშვნელოვნად შენელებულია ეკონომიკური ზრდა ევროპაში და გლობალურად ჯერ კიდევ მაღალია ინფლაციური წნეხი.  თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართე რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 2021 – 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანობაში პოსტპანდემიურ პერიოდში - 2021-2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი -  9.7%. მართლდება ჩვენი პროგნოზი - იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს გაუტოლდა, მათ შორის თებერვალში 9.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში (ანუ, 2023 წელს 2020 წელთან შედარებით) დოლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს  8,210 დოლარი შეადგინა, ხოლო ლარში გამოხატული მშპ ერთ სულზე 21,575 ლარი იყო.

ამასთან, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზია, რომ 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს.

რაც შეეხება მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს, მათ შორის მნიშვნელოვანია საინვესტიციო აქტივობის ზრდა -  2023 წელს ინვესტიციები რეალურ გამოხატულებაში 22.6%-ით გაიზარდა. სექტორების კუთხით კი ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს: მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობისა  და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას - 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

2022 დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა 2.1 მილიარდი აშშ. დოლარის ოდენობით, 2023 წელს კი პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 17.8%-ით გადააჭარბა. ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი აშშ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში", - აღნიშნულია მოხსენებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. მინისტრის საათის ფორმატში წარსადგენი მოხსენება პარლამენტის საიტზე უკვე ატვირთულია.

გამოგვყევით