logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მხოლოდ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა ₾40 მლრდ-ით გაიზარდა,ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია" - პრემიერი

ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა და მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას ქვეყანაში. 

"ჩვენ ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები გვაქვს. წინა თვეში ეკონომიკური ზრდა იყო 13%. ასევე, საშუალო ეკონომიკური ზრდა პირველი 7 თვის განმავლობაში არის 9.7%, რაც შეესატყვისება წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელს.

წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 10%-ით. ეს იყო ის კვარტალი, როდესაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში არეულობის მოწყობას ცდილობდა და აქაც კი, 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 

მხოლოდ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 40 მლრდ. ლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტში 2024 წელს 10 მლრდ. ლარით მეტი შემოდის, ვიდრე 4 წლის წინ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

ამას მოაქვს ის, რომ ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი. იყო 26.7% და ახლა არის 13.7%, ანუ თითქმის განახევრებულია უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა,  680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, როცა "ნაციონალური მოძრაობა" იწონებდა თავს ეკონომიკური პოლიტიკით. დღეს ეს მაჩვენებელი შეადგენს 440 000 ადამიანს.

მთავარია ასე გავაგრძელოთ და ამის აუცილებელი პირობა არის მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ჩვენი ამოცანაა, 4 წლის შემდეგ კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს. თუ წინა 4 წლის განმავლობაში 40 მლრდ-ით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა, მომდევნო 4 წლისთვის გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანები", - აცხადებს პრემიერი.

ცნობისთვის, "საქსტატის" მონაცემების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია. 

გამოგვყევით