"მოუთმენლად ველი, რომ წლის მეორე ნახევარში ჩამოვალ საქართველოში და თან ჩამოვიყვან ბიზნეს დელეგაციას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები“ - ამის შესახებ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ფლორიან ფრაუშერმა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძესთან ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისაუბრა.
„დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, გვქონდა დისკუსია ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესზე და ასევე სხვადასხვა პოტენციურ პროექტზე ავსტრიაში და საქართველოში, სადაც ჩვენი კომპანიები შეძლებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სფეროში, ასევე ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი ქვეყნები დიდ ინვესტიციას ახორციელებენ მწვანე ენერგიაში და ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ ამ სფეროში. მოუთმენლად ველი, რომ წლის მეორე ნახევარში ჩამოვალ საქართველოში და თან ჩამოვიყვან ბიზნეს დელეგაციას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები“, - აღნიშნა ფლორიან ფრაუშერმა.
შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიელი მოგზაურების მზარდ დინამიკას ბოლო წლებში, კერძოდ, ავსტრიიდან საქართველოს 2023 წელს 48%-ით მეტი მოგზაური ეწვია, 2024 წელს კი - 14%-ით მეტი. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მოგზაურების დინამიკის ზრდას ხელი შეუწყო კიდევ ერთი პირდაპირი ფრენის დამატებამ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე ავსტრიის ავიახაზების შემოსვლამ. ასევე ხაზი გაესვა ავსტრიული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, განვიხილეთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ის სფეროები, რომლებიც ორივე ქვეყნის ინტერესში შედის - რომ განვავითაროთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის სფეროები. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც რეგიონში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გააძლიერებს, ესენია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ასევე ციფრული კაბელი, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ავსტრია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს რეფორმირების და გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ავსტრიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომლის მორიგი სხდომის ჩატარება 2025 წლის ოქტომბერში იგეგმება. ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას ორივე ქვეყნის კომპანიები მიიღებენ. ხაზგასმით აღინიშნა ავსტრიელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, კერძოდ, ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აქტიურად ხორციელდება საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სურსათის წარმოების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.