მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოჯისტიკა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ასევე შესაძლებლობა ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისაუბროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობს მსოფლიო მთავრობათა სამიტში. პრემიერი სამიტზე ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა და ლოჯისტიკა. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ ინვესტიციას დებს ქვეყანა ამ მიმართულებით, როგორიც არის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე მაგისტრალების მშენებლობა, საპორტო ინფრასტრუქტურა.
პრემიერ-მინისტრს ასევე შესაძლებლობა ექნება, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისაუბროს ისეთ თემებზე, როგორიც არის ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არის პრიორიტეტი მთავრობისთვის. მთავრობის დელეგაციის წევრებს, დარგობრივად, ექნებათ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღების საშუალება. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.