logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საჰაერო სატვირთო გადაზიდვებში ქვეყანა პანდემიამდელ ნიშნულზე გავიდა"

მიმდინარე წლის რვა თვეში საქართველო საჰაერო გზით 15 ათას ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განუცხადა, ამ მაჩვენებლით ქვეყანა კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელზე გავიდა.

„საკმაოდ დადებითი დინამიკაა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ამას ხელს უწყობს ავიაციის სფეროში ქვეყნის მიერ არჩეული ლიბერალური კურსი, ასევე, საავიაციო ხელისუფლება, აეროპორტები. ამ პროცესში ჩართული ყველა ავიასაწარმო აკეთებს თავის მაქსიმუმს, რათა ხელი შეეწყოს ახალი მოთამაშეების გამოჩენას. ყოველივე ეს გვაძლევს იმედს, რომ სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. არ შეიძლება არ გამოვყოთ ქართული სატვირთო ავიაკომპანიების წარმატებული აქტივობა. ისინი წარმატებით ახორციელებენ ფრენებს ჩინეთიდან ევროპაში, როგორც პირდაპირ, ასევე, საქართველოს გავლით“- აცხადებს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში 12 ავიაკომპანია ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ სატვირთო ავიარეისებს, საიდანაც 5 ქართული და 7 უცხო ქვეყნის ავიაკომპანიაა.

ამასთან, წელს ჩინურმა სატვირთო ავიაკომპანიამაც დაიწყო რეგულარული ფრენები საქართველოს მიმართულებით, საუბარია SF Airlynes-ზე, რომელმაც მიმდინარე კვირიდან ფრენის სიხშირეები კვირაში ორ ფრენამდე გაზარდა.

რაც შეეხება ტვირთების სახეობას, საჰაერო ტრანსპორტით ძირითადად, ელექტრონული კომერციის გზით შესყიდული პროდუქცია გადაიზიდება საფოსტო გზავნილების სახით.

გამოგვყევით