“ჩვენ შევძელით 50 კომპანიასთან მიგვეღწია შეთანხმება და ამ წლის ბოლომდე ისინი უკვე განთავსდებიან Alibaba-ს პლატფორმაზე,“ - ამის შესახებ “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული კომპანიებს მისცემს ახალ შესაძლებლობას გააცნონ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას და სხვადასხვა შემსყიდველთან შეთანხმებას მიაღწიონ.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50 კომპანია, რომელიც ჩვენ წინასწარ შევარჩიეთ უკვე ჩართულია ამ პროცესში. ხდება მათი ადაპტაცია პლატფორმასთან. ჩვენ უკვე ვნახეთ პირველი სატესტო ვებ გვერდებიც, ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან კარგად არიან წარმოჩენილები და ჩვენი მოლოდინია, რომ უკვე დეკემბრის თვეში ყველა შეძლებს, რომ ნახოს ამ კომპანიების უშუალოდ განთავსება ამ პლატფორმაზე,“ - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია Alibaba Group Holding Limited (ალიბაბა ჯგუფი) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ტექნოლოგიური და სავაჭრო კომპანიაა, რომელიც ჩინეთში 1999 წელს დაარსდა.