logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ტექნოლოგიური სიმშვიდე" ბანკებს ბაზრისთვის უკეთესი პროდუქტების შექმნაში დაეხმარება" - ლევან ვერძეული

"საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" (GFMTA) პროექტის ხელმძღვანელის ლევან ვერძეულის განცხადებით, Nasdaq Calypso-ს დანერგვა, "ტექნოლოგიური სიმშვიდე" ბანკებს ბაზრისთვის უკეთესი პროდუქტების შექმნაში დაეხმარება.

მისივე ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი 5 წამყვანი კომერციული ბანკის Nasdaq Calypso-ს სისტემაზე საოპერაციო მზადყოფნას ითვალისწინებს, რის შემდეგაც პლატფორმას სხვა ბანკებიც ეტაპობრივად შეუერთდებიან.

"როდესაც 5 ბანკზე ვსაუბრობთ, უკვე ნათელია Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლა რა მასშტაბის პროექტია. Nasdaq Calypso-სთან ერთად გაწერილი გვაქვს გეგმა როგორ უნდა დავიწყოთ და დავასრულოთ პროექტის პირველი ფაზა, რაც გულისხმობს 5 წამყვანი ბანკის საოპერაციო მზაობას ამ სისტემაზე გადასვლისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება და მას შემდეგ, რაც ეს 5 ბანკი დაინერგება, რა თქმა უნდა, სასურველია მომავალი ეტაპი იყოს ამ სისტემაში უკვე სხვა ბანკების ჩართვა.

როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა ითარგმნოს გარკვეული ახალი პროდუქტების შეთავაზებაში, უკეთეს ფასდადებასა და მომხმარებლებისთვის  უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტების შეთავაზებაში. ეს ყველაფერი გულისხმობს და ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოში გაჩნდეს ხელმისაწვდომი და შესაბამისად, სწორად განფასებული ინსტრუმენტები, რომლითაც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები თავისი რისკების უკეთესად მართვას შეძლებენ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ეხმარება იმასაც, რომ ბანკებმა საკუთარი რისკები უკეთ მართონ, პროცესები ჰქონდეთ ავტომატიზირებული და შესაბამისად, მათი საქმიანობა უფრო მეტად ეფექტიანი იყოს. 

ჩვენი ხედვა ასეთია, რომ ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ფოკუსირდნენ ძირითად საქმეზე და ტექნოლოგია არ ჰქონდეთ საფიქრალი და სადარდებელი და სწორი პროდუქტების შექმნაზე და სწორ განფასებაზე იფიქრონ ბაზრისთვის. ვფიქრობთ, რომ "ტექნოლოგიური სიმშვიდე" მათ ამის საშუალებას მისცემს", - აცხადებს ლევან ვერძეული. 

ცნობისთვის, საქართველოს 5 წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს.

გამოგვყევით