ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მთავრობის რეფორმები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ 6,5 მილიარდიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ორ ლოკაციაზე განხორციელდება, აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. ამის შესახებ ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა.
„სექტემბრის თვეში ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო, მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია რიგი ფაქტორები, მათ შორის, ექსპორტი, რომელიც 2025 წლის ცხრა თვეში 7.7%-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც რეკორდულია და 3.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებსა და სარეიტინგო კომპანიების პოზიტიურ შეფასებებს საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდეს მომავალი წლების განმავლობაშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმების მაჩვენებლებზე, ასევე საშუალო ხელფასის ზრდაზე, ქვეყანაში შემოსავლებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა - საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, ხოლო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს, 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ 5.4%. ხაზგასასმელია, რომ საშუალო ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს 25 ქვეყანაში შედის, უსწრებს როგორც ევროპის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ისე მეზობელ ქვეყნებსაც.
 
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
        