logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოში დაზოგვის მსოფლიო დღე წელს მეთოთხმეტედ აღინიშნა

საქართველოში დაზოგვის მსოფლიო დღე წელს მეთოთხმეტედ აღინიშნა

1761925970

ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმის www.filendu.gov.ge ფინედუს ინიციატივით, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ასეულობით სკოლის მხარდაჭერით, საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს წელსაც შეუერთდა.

დაზოგვის მსოფლიო დღის წლევანდელი აღნიშვნა ლარის 30 წლის იუბილეს ეხმიანება. სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილმა პროექტმა „მოიწვიე ფინედუ კლასში“ სტარტი 2 ოქტომბერს, ლარის გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადების დღეს აიღო და  მთელი ოქტომბრის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაგრძელდა.

დაზოგვის დღის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით V-XII კლასელებს ესტუმრნენ და თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, 5 700-მდე მოსწავლეს სახალისო და შემეცნებითი ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.

წელს ამ მისიით სკოლებს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, თეიმურაზ ხომერიკიც სტუმრობდნენ.

ასევე წელს პირველად განხორციელდა საპილოტე აქტივობა, რომლის ფარგლებშიც „ფინედუს“ დესპანის როლის მორგება ეროვნული ბანკის თანამშრომლების შვილებმაც შეძლეს. ინიციატივის ფარგლებში, 9 დესპანმა საკუთარ სკოლაში თანატოლებზე მორგებული, თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილი ჩაატარა.

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში  ვიზიტები განხორციელდა რეგიონების იმ 21 სკოლაშიც, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მორიგ კონკურსში - „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“ - გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ინტერესისა და მოთხოვნიდან გამომდინარე, 31 ოქტომბრიდან  ღია გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა სკოლის მასწავლებლებლებს მთელი ნოემბრის განმავლობაში ექნებათ.

31 ოქტომბერს დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველოში უკვე 14-წლიანი ისტორია აქვს. გლობალურად კი მას საფუძველი 1924 წელს იტალიაში, ქალაქ მილანში ჩაეყარა და მოსახლეობაში დაზოგვის წახალისებასა და დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ მიზანი დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და წახალისებაა, ხოლო ადრესატს ძირითადად მოსწავლე-ახალგაზრდები წარმოადგენენ. საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზოგვის სარგებლიანობაზე საუბარი და ჩვევების გამომუშავება ამ ასაკში უფრო ეფექტურია. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“.

ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რამდენადაც ის არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მოსახლეობის და ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობისათვის.

გამოგვყევით