logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"BARTA-ს კონკურსში მონაწილეობას უფრო და უფრო მეტი კომპანია იღებს - იმედი გვაქვს წელსაც მაღალი ინტერესი იქნება"

"საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს" (BARTA) კონკურსში მონაწილეობას უფრო და უფრო მეტი კომპანია იღებს - იმედი გვაქვს წელსაც მაღალი ინტერესი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ქართული კომპანიები თავისი ანგარიშგების, გამჭვირვალობის გაუმჯობესების ტენდენციებს აჩვენებენ, რაც მნიშვნელოვანია ბაზარზე ანგარიშგების მაღალი ხარისხის დაწესებისთვის და კონკრეტულად ინვესტორების ნდობის ზრდის თვალსაზრისით.

"საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო" - პრესტიჟული კონკურსია, რომელიც მეშვიდედ გამოცხადდა, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ეს მათი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და კაპიტალის ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანესია ნდობა. ზედამხედველის პერსპექტივიდან შემიძლია გითხრათ, რომ ზედამხედველობის პრინციპებიც კი გამჭვირვალობის და ნდობის არსებობას ექვემდებარება. სწორედ ნდობა კომპანიების მიმართ, რა თქმა უნდა, აღვიძებს ინვესტირების და ბაზრის განვითარების სურვილს. სწორედ ეს არის კაპიტალის ბაზრის ანი-ბანი. შესაბამისად, გამჭვირვალობა, მაღალი ხარისხის ანგარიშგება არის ნდობის საფუძველი, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს უწყობს. პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რა თქმა უნდა, რთული იქნება ამის მტკიცებით ფორმაში თქმა, თუმცა ქართული კომპანიების ანგარიშგების მაღალმა ხარისხმა მოიტანა ის, რომ საკმაოდ კარგი ტენდენციებია კაპიტალის ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომელიც მომხმარებლების და ინვესტორების დაინტერესებას უწყობს ხელს. 

კონკურსზე ყველა ანგარიშგება კომპეტენტური, მაღალპროფესიული ჟიურის მიერ იქნება შეფასებული და შედეგები საზეიმოდ გამოცხადდება. დაჯილდოების ღონისძიება 2026 წლის თებერვალს იგეგმება. შარშან აღნიშნულ კონკურსში 29 კომპანია მონაწილეობდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვია. ტენდენცია არის მზარდია", - აცხადებს ეკატერინე მიქაბაძე.

ცნობისთვის, "საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყო. BARTA არსებობის ექვსწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ამ ჯილდოს, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. კონკურსს წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს. 

გამოგვყევით