logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ვახტანგ ცინცაძე: აპრილში ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ვახტანგ ცინცაძე: აპრილში ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

1747662360

„აპრილის თვეში ექსპორტის შთამბეჭდავად მაღალი, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - ზრდამ 41%-ს გადააჭარბა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე ხაზგასასმელი ის გარემოებაა, რომ ადგილობრივი ექსპორტი ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით, მოცულობა კი 260 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემების შეფასებისას.

აპრილის თვის რეკორდული მაჩვენებლის გარდა, 2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 2,014.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი 4.9%-ით გაიზარდა და მოცულობამ 902.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2025 წლის აპრილში სავაჭრო ბრუნვა 2,016.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7%-ით მეტია. იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვის ზრდა 15.3%-ს გაუტოლდა და მოცულობამ 7,755.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს,  არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო სტრუქტურა საკმაოდ დივერსიფიცირებულია როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო ქვეყნების მიმართულებით.

 „საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს - რათა გააფართოვოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები პარტნიორ ქვეყნებთან, კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახდეს ჩვენი საგარეო ვაჭრობა, ხელი შევუწყოთ ჩვენთან წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იდგმება, მათ შორის გამოვყოფდი იმ მხარდაჭერის მექანიზმებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით. ასევე არაერთი ახალი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის დღეს ქვეყანაში მოქმედ მხარდაჭერის პროგრამებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გამოგვყევით