2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 755.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტია.
"საქსტატის" ცნობით, აქედან ექსპორტი 2 014.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 741.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 15.7 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარაპრილში, 3 726.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1 პროცენტია.
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (450.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (258.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (215.1 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (914.3 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (902.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (859.1 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 753.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 96.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.8 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 76.5 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 966.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 396.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი).