იმერეთში, ჭიათურის რაიონ სოფელ ზოდში მდებარე მარანი "ზოდი" საექსპორტო ბაზარს აფართოებს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი, გიგა ჭიღლაძე აცხადებს, კომპანიის მიერ დამზადებული ღვინო შესაძლოა ზაფხულში ნიდერლანდებში გავიდეს.
გიგა ჭიღლაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარტნიორებთან ერთად, უცხოური ბაზრის მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს.
"ჩვენი სტუმრებიდან დაახლოებით, 60% ადგილობრივი მოსახლეობაა, 40% კი უცხოელებზე მოდის. წელიწადში მინიმუმ 12 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, წარმადობის გაზრდასაც არ გამოვრიცხავთ, რადგან ექსპორტის გაზრდას ვფიქრობთ. ამჟამად, უცხოეთში ექსპორტი გვაქვს: კანადაში, გერმანიაში, პორტუგალიაში. ნიდერლანდებში დეგუსტაციები გავიარეთ, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მოგეხსენებათ, უცხოურ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია, თუმცა ევროპულ ბაზარზე, ჩვენი უნიკალურობა და ხარისხი ნიშად უნდა დამკვიდრდეს", - განაცხადა მეღვინემ.
გიგა ჭიღლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" ღვინის გაყიდვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაზრდილია.
"გაზრდილ მაჩვენებელს, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, გამოცდილების გაზრდას ვუკავშირებთ. ჩვენი ღვინის 70%-ს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, 30%-ს კი უცხოეთში. სულ 6 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, ადგილობრივ ბაზარზე, სპეციალურ ღვინის მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი: 8 000 მოსავალი, ღვინის გალერეა და ა.შ. ღვინის ფასს, რაც შეეხება - ადგილობრივ ბაზარზე 35 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს. ჩვენი კომპანია იმერულ ღვინოებს აწარმოებს, მაგრამ უნდა გამოვყო, მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარულია, გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე: "ქვიშხური" და "როზე", - აღნიშნავს ჭიღლაძე.
ცნობისთვის, იმერეთში, ჭიათურის რაიონ სოფელ ზოდში მდებარე მარანი "ზოდი", 2019 წელს აშენდა, ღვინის ბაზარზე კი, 2021 წლიდან ოპერირებს.