საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლიმო“ ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არხების გაზრდას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ლიმოს“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე აცხადებს, მიმდინარე წელს "ლიმოს" პროდუქცია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი.
მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები გაორმაგდა და მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროება გაჩნდა, რომ მომხმარებლებისთვის "ლიმოს" პროდუქცია უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს. ნინო გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე, კომპანიის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კორპორატიული სეგმენტია.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი მომხმარებლების 10% ფიზიკური პირები არიან, ხოლო 90% კორპორტიული სეგმენტი. ახალი სარეალიზაციო არხების დამატების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცენტული გადანაწილება მომავალში შეიცვლება", - აცხადებს ნინო გიორგაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე განვითარების პარალელურად ექსპორტის მიმართულების გააქტიურებასაც გეგმავს.
"უახლოეს მომავალში იტალიაში ბავშვის სამოსის მასშტაბური გამოფენა იმართება, სადაც ჩვენც ახალი კოლექციით ვიქნებით წარმოდგენილები. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბრენდის მიმართ დაინტერესება იქნება. ევროპის ბაზარი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუმცა ასევე, ორიენტირებულები ვართ შუა აზიის და გალფის ქვეყნების ბაზარზე. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ჩვენი საექსპორტო არეალი როგორც ევროპის, ისე გალფის ქვეყნების კუთხით გავაფართოოთ. ჩვენ აქამდე ექსპორტი განხორციელებული გვაქვს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: შვედეთი, საფრანგეთი, სომხეთი და კორეა. ამჟამად, მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, რომ იტალიის გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვლება", - აცხადებს ნინო გიორგაძე.
ცნობისთვის, ბავშვის ტანსაცმლის საწარმო „ლიმო“ 2021 წელს შეიქმნა. თავდაპირველად კომპანიის საწარმო გორში მდებარეობდა, თუმცა ამჟამად პროდუქცია თბილისში იკერება, ნედლეული კი თურქეთიდან შემოაქვთ.