USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ წელს უკვე მეორედ კერძო სექტორისთვის ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანია კერძო სექტორის ინვესტიციების წილის გაზრდა ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოებაში, ასევე კერძო სექტორის წახალისება და დახმარება ინოვაციური იდეების განვითარებასა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაში.
როგორც usaid-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ივანე პირველი გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, პროგრამის სიცოცხლისუნარიანობის ფარგლებში, ჯამში 30 საპილოტე პროექტი უნდა განხორციელდეს.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის მაისში, კონკურსის ფარგლებში 5 პროექტი შეირჩა, რომელიც მიმდინარეა და წლის ბოლომდე დასრულდება. მეორე ეტაპზე, მიმდინარე წელს 12 საპილოტე პროექტი დაიწყება და 2024 წლის დეკემბრამდე დასრულდება. ხოლო, დარჩენილი 12 პროექტი 2 წლის შემდეგ უნდა დასრულდეს.
"პირველ საკონკურსო ეტაპზე, ჯამში 132 საპილოტე პროექტი შემოვიდა, საიდანაც მხოლოდ 5-მა პროექტმა გაიმარჯვა. აქედან 2 თბილისში მდებარეობს, 1 - ურეკში, 1 - ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში და ერთიც - გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ერთ-ერთი პროექტი უკვე დასრულებულია, ქსელში ჩართულია და მწვანე ენერგიას გამოიმუშავებს. მისი დადგმული სიმძლავრე კი, 500 კილოვატია.მისი საცალო და ლოგისტიკური ცენტრი ორხევში მდებარეობს და პროექტი წარმატებით ხორციელდება.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, პირველ რიგში, პროექტი განახლებადი ენერგიით გენერაციას და ბიზნეს საწარმოს მომარაგებას უნდა გულისხმობდეს, ან ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები უნდა იყოს. მეორე ნაწილში, პროექტი კერძო სექტორის ინიციატივა უნდა იყოს და მისი თანამონაწილეობა, სულ მცირე 50%-ს უნდა შეადგენდეს.
მესამე კრიტერიუმის შემთხვევაში, თუ პროექტის ხანგრძლივობა 2 წელზე მეტია, მას არ განვიხილავთ. ანუ პროექტი ექსპლუატაციაში ორი წლის ვადაში უნდა გაეშვას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი პროგრამა 2026 წლის მაისში სრულდება,"- აცხადებს პირველი.
აღსანიშნავია, რომ USAID პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს აფინანსებს, რომელიც $100 000-ს არ აღემატება. ამ ეტაპზე კი 9 საპილოტე პროექტია გამოცხადებული, რომელზეც 1 წლიანი ორიენტირია აღებული.
usaid-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის ცნობით, პროექტის მთავარი ქვაკუთხედი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება და ადგილობრივი რესურსების ათვისებაა. მეორე ნაწილში, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა მოიაზრება.
მესამე ნაწილში, ევროკავშირის ენერგეტიკული მარეგულირებლის საქართველოში დანერგვა და ბაზრების გაფართოებაა, ხოლო მეოთხე მიმართულებაა, კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესება საქართველოში.