logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების, წამყვან ფინტექ ჰაბად წარმოჩენა" - ნათია თურნავა

"ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების, წამყვან ფინტექ ჰაბად წარმოჩენა" - ნათია თურნავა

1741955160

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში „ბლოკჩეინს მიღმა“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განხილვა იყო.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას საფინანსო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკების როლს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.

სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორის გაციფრულების ტენდენციაზე, რაც ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს ფეხი აუწყონ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და პარალელურად, ახალი გამოწვევები მართონ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების ტესტირება, ღია რეგულირების და ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების განვითარებას.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.

“ეროვნული ბანკი პროაქტიულად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის და მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელების განვითარებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით შექმნილი ტექნიკური სენდბოქსი, რომელიც 16-მა სხვადასხვა კომპანიამ გამოიყენა. მათ საშუალება მიეცათ სრულიად უფასოდ მიეღოთ წვდომა ღია ბანკინგის პროდუქტებზე და გამოეცადათ მათი გამოყენების სხვადასხვა მაგალითები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელშიც საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სერვისების განვითარებაზე და ციფრულ ბანკებთან დაკავშირებული პერსპექტივები განიხილა.

„ჩვენი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების წამყვანი ფინტექ ჰაბის წარმოჩენაა. სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ. ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქმიანობის ახალ სახეებს და საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით მომზადდა ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგია. ფინტექების განვითარების ჩვენეული ხედვა ფინტექებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რაც ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ ფინანსურ სერვისებში კონკურენციას წაახალისებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლუგანოში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების გავლენის შესწავლით ბიზნესსა და საბანკო-საფინანსო სექტორებში.

გამოგვყევით