logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი მცირდება - მიზეზები

ანალიტიკოსების შეფასებით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ძირითადი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა.

როგორც „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, საშუალო საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე შემცირდა იქიდან გამომდინარე, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილებულია  ევროზონაში, ასევე აშშ-სა და საქართველოშიც.

„რეფინანსირების განაკვეთის კლებამ სესხებსა და ანაბრებზეც საპროცენტო განაკვეთების შემცირება განაპირობა. ეს პროცესი მოსალოდნელი იყო. სხვაობა ლარში და უცხოურ ვალუტაში ანაბრების საპროცენტო განაკვეთებს  შორის კვლავ მაღალი რჩება. მოგეხსენებათ, ეროვნულ ვალუტაში უფრო მაღალი რეფინანსირების  საპროცენტო განაკვეთია ვიდრე ევროსა და დოლარზე. ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების ლარში განთავსების ერთ-ერთი მოტივატორიც ხშირ შემთხვევაში  ლარის ანაბრებზე შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ფიზიკური თუ იურიდიული პირები  ძირითადად სწორედ იმიტომ აბანდებენ ლარში, რომ მაღალია სარგებელი.  მხოლოდ ამ სხვაობის გამო იკავებს თავს ზოგიერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირი  დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში განთავსებისგან, რადგან ნდობა ევროსა და დოლარის მიმართ ჯერჯერობით კვლავ უფრო მაღალია.“- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ცნობისთვის, რეზიდენტების ვადიანი ანაბრების სარგებელი, ლარში, 0.3 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე, დოლარში კი 0.2 პპ-ით, 1.9%-მდეა შემცირებული. რაც შეეხება ევროს,  ევროში განთავსებულ ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი  1.1%-ს შეადგენს.

გამოგვყევით