logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

EBRD-ი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია Aversi Pharma-სთვის €10 მლნ-ის მოცულობის სესხის გამოყოფას გეგმავს

EBRD-ი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია Aversi Pharma-სთვის €10 მლნ-ის მოცულობის სესხის გამოყოფას გეგმავს

1779275520

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)  საქართველოში ფარმაცევტულ კომპანია Aversi Pharma-სთვის 10 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფას გეგმავს. 

როგორც EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულიპროექტის ფარგლებში „ავერსი ფარმა“ თბილისში ახლად შეძენილი საწყობის განახლებასა და ავტომატიზაციას განახორციელებს. ინვესტიციის მიზანია კომპანიის რამდენიმე საწყობის ერთ ძირითად ლოგისტიკურ ცენტრში გაერთიანება, რაც საცალო და საბითუმო ფარმაცევტული ოპერაციების ეფექტიანობას გაზრდის.

EBRD-ის ინფორმაციით, პროექტის სრული ღირებულება 22 მილიონი ევროა, საიდანაც ბანკი 10 მილიონ ევროს, ხუთწლიანი ვადით გასცემს. პროექტი ასევე მოიცავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. მათ შორის: ახალი HVAC სისტემების ინსტალაციას, ავტომატიზებული კონვეერული სისტემის მოწყობას, საწყობის სივრცის ოპტიმიზაციასა და ენერგომოხმარების შემცირებას.

EBRD აღნიშნავს, რომ ახალი ობიექტი მინიმუმ 40%-ით გააუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და სრულად შეესაბამება „მწვანე ფინანსირების“ კრიტერიუმებს. ბანკის შეფასებით, მსგავსი ავტომატიზაციის სისტემა კომპანიის არსებულ საწყობებში ამ დრომდე არ გამოიყენებოდა, რის გამოც პროექტი გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიმართულებით მნიშვნელოვან გაუმჯობესებად ითვლება.

პროექტს სოციალური მიმართულებაც აქვს. EBRD-ის ინფორმაციით, „ავერსი ფარმა“ 1 000-ზე მეტი პროფესიონალისთვის სპეციალურ ონლაინ სასწავლო პროგრამებს დანერგავს, რაც ფარმაცევტულ სექტორში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე უნარების დეფიციტის შემცირებას ემსახურება.

შეგახსენებთ, ავერსი 1999 წელს დაარსდა და დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებს. EBRD-ის ინფორმაციით, პროექტმა საბოლოო განხილვის ეტაპი უკვე გაიარა, ახლა დამტკიცების მოლოდინშია და სესხის ვადა 5 წლამდე იქნება.

თამარ გაზდელიანი 

გამოგვყევით