logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეკატერინე მიქაბაძემ BSTDB-ის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ BSTDB-ის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

1791369916

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი საქართველოსა და ფართო რეგიონის საინვესტიციო გარემოს, კერძო სექტორის საჭიროებებსა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს საქართველოში BSTDB-ის დაფინანსებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიესალმა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. მისი  განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ გლობალური რყევებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, ძლიერი დინამიკა შეინარჩუნა. 2021-2025 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.6 პროცენტი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, განვითარებული საფინანსო სექტორი და სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე  ყურადღება გაამახვილა. საქართველოსა და BSTDB-ს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება და მისი განვითარების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, ქმნის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო სექტორს შორის. ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა BSTDB, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისკენ მიმართული ინვესტიციების მხარდაჭერაში, ასევე სხვა სექტორების დაფინანსებაში, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსა და მთლიანად რეგიონის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას BSTDB-სა და სამ ქართულ კომერციულ ბანკს შორის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ემსახურება.

ფორუმში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კომერციული ბანკების, ბიზნეს სექტორისა და წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და სავაჭრო დაფინანსებისთვის სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალში მონაწილეობისა და გარანტიების უზრუნველყოფით საჯარო და კერძო სექტორებში მის წევრ ქვეყნებში. საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. დაარსებიდან დღემდე ბანკმა, საქართველოში 46 პროექტი დააფინანსა და ამ მიზნით  631 მილიონი ევრო გამოყო.

გამოგვყევით