სებ-ის ინფორმაციით, რეალიზებული მაღალი აქტივობის ფონზე, 2024 წლის რეალური მშპ-ის ზრდის წინა პროგნოზი (5.6%) გადაიხედა და ამჟამინდელი შეფასებით, ის 6.8%- ის ფარგლებშია.
ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოხმარება, დაბალი ინფლაციისა და ხელფასების მაღალი რეალური ზრდის პირობებში გაუმჯობესებული მსყიდველუნარიანობის გამო, რასაც დამატებით აძლიერებს დაკრედიტების მომატებული ტემპი.
2025 -ის პროგნოზი არ შეცვლილა. მომავალ წელს, პოტენციური ზრდის ნორმალიზაციის პარალელურად და მონეტარული პოლიტიკის ადეკვატური რეაგირების ფონზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდა 5%-ს დაუახლოვდება.
ინფლაციის განახლებული პროგნოზის წინას (1.5%) მცირედით აღემატება. 2024 წლის მეორე კვარტალში მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბლა შენარჩუნდა და 1.9% შეადგენს.
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, როგორც ფაქტობრივ, ისე მოსალოდნელ ინფლაციაზე, ზრდის მიმართულებით, გავლენა აქვს ბოლო პერიოდში გაცვლითი კურსის მერყეობას და მოსალოდნელზე მაღალ მოთხოვნას.
თუმცა, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ეფექტს ზღუდავს პოტენციური მშპ-ის ზრდის დაჩქარება, რაც ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგია. გარდა ამისა, სხვადასხვა ინდიკატორის ანალიზი მიანიშნებს, რომ, მათ შორის, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ფირმები მოგების მარჟას ამცირებენ, რაც ფასებზე მოთხოვნიდან ზემოაღნიშნულ წნეხს დამატებით აბალანსებს.