„გალთ ენდ თაგარტის“ დირქტორის ირაკლი კირტავას განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ობლიგაციების ბაზარმა პიკს მიაღწია. მისი ინფორმაციით, გასული წელი ემიტენტების რაოდენობითა და ემისიების მოცულობით გამორჩეული იყო.
„საქართველოში თანდათანობით გაიზარდა ინტერესი ობლიგაციების ანუ ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების მიმართ. ჩვენთან ობლიგაციების ბაზარი 2014 წლიდან ვითარდება და ფაქტიურად პიკს მიაღწია შარშან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ემიტენტების რაოდენობით ისე ახალი ემისიების მოცულობით. გასულ წელს გვქონდა მულტისავალუტო განთავსებებიც. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე ემიტენტის ფასიანი ქაღალდი იყო როგორც ლარში ისე დოლარში და ევროში გამოშვებული.“-აღნიშნა ირაკლი კირტავამ.
მისივე თქმით, იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე რაც ქვეყანაში გვაქვს, მათ შორის სეკიურიტიზაციის კანონის მიღება იგულისხმება, ობლიგაციების ბაზარი ახალი გამოწვევების წინაშეა.
„მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სეკიურიტიზაციის კანონი, თუმცა ამის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ექნება ე.წ. REIT-ის ტიპის აქტივების განვითარებას, რაც არის უძრავი ქონების აქტივებზე დამყარებული ინსტრუმენტი. შესაბამისი საგადასახადო და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების შემთხვევაში, REIT-ის ტიპის ინსტრუმენტი შეიძლება გადაიქცეს ლიკვიდურ ფასიან ქაღალდად, რისი პერსპექტივაც მოკლე პერიოდში გველის,“-აღნიშნა ირაკლი კირტავამ.
ცნობისთვის, 2023 წელს გამოშვებული ობლიგაციების მოცულობამ რეკორდული 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 80%-იანი ზრდაა. ამასთან, გამოშვებული ობლიგაციების 70% - უცხოურ ვალუტაში, ხოლო 30% ლარში იყო დენომინირებული.