logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მიკრობანკში ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი ბანკებთან შედარებით მინიმუმ 1.5-ჯერ მაღალი იქნება" - გია პეტრიაშვილი

მიკრობანკში დეპოზიტის გახსნას მომხმარებლები თებერვლიდან შეძლებენ.

პირველი მიკრობანკის, MBC-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კომპანიაში უკვე შესაძლებელია მიმდინარე ანგარიშების გახსნა. რაც შეეხება დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს, გია პეტრიაშვილის განმარტებით, მიკრობანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ბანკებთან შედარებით მაღალი იქნება. მისივე შეფასებით, ამ ნაწილში მიკრობანკები ბანკებთან რეალურ კონკურენციას შეძლებენ.

„მიკრობანკის სტატუსის მოპოვებას თითქმის ერთი წელი მოვანდომეთ და დეკემბრის ბოლოს ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. ერთია ლიცენზიის მოპოვება და მეორე ცვლილებები, რაც უნდა განვახორციელოთ. ბევრი სიახლე გვექნება. ჩვენ გაგვიჭირდება ბანკებთან სესხებზე საპროცენტო განაკვეთებით კონკურენცია, თუმცა ვგეგმავთ სესხების გაიაფებას. ამას თებერვლიდან ვერ გავაკეთებთ , მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება დეპოზიტებს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესო განაკვეთები შეთავაზოთ მომხმარებლებს როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე ლარში. მიკრობანკების საპროცენტო განაკვეთი ანაბარზე ბანკებთან შედარებით მინიმუმ 1,5-ჯერ მაღალი იქნება,“- აღნიშნავს გია პეტრიაშვილი.

მისივე განმარტებით, მიკრობანკები მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე იქნებიან ორიენტირებული.

„არ ვგეგმავთ სამიზნე კატეგორიის რადიკალურ ცვლილებას. ჩვენი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესი დარჩება. მიკრობანკის მანდატი ზუსტად ბიზნესსესხებია,” - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიკრობანკებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მომხმარებლებისთვის ანაბრის, ასევე ანგარიშის გახსნის და 1 მლნ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემის უფლება აქვთ.

გამოგვყევით