logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ოთარ ანგურიძე - საქართველოს საბანკო სექტორი კარგად ვითარდება და ეს პოზიტიურად ფასდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, როგორც სსფ-ია

ოთარ ანგურიძე - საქართველოს საბანკო სექტორი კარგად ვითარდება და ეს პოზიტიურად ფასდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, როგორც სსფ-ია

1749124941

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას", - აცხადებს ექსპერტი ოთარ ანგურიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში სსფ-ის წარმომადგენლების ვიზიტი საკმაოდ პოზიტიური იყო. მით უმეტეს, რომ მისიის მხრიდან საკმაოდ კარგი მესიჯები გაჟღერდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია იყო, რადგანაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, რომ მისიის მხრიდან რაღაცა ტიპის დუმილი სპეკულაციებს იწვევდა ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, გუშინდელი ბრიფინგი და გუშინდელი შეჯამება, რაც ჩვენ მოვისმინეთ ნათელი მაგალითია იმისა, რომ სსფ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. ასეთმა ღია განცხადებამ ბევრ სპეკულაციას დაუსვა წერტილი და ვფიქრობ, ბრიფინგზე გაჟღერებული მესიჯები წინ გადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ სებ-ი და ჩვენი საფინანსო სისტემა უფრო მეტად გაძლიერდეს“, - განმარტავს ანგურიძე.

მისივე თქმით, იყო პერიოდი, როცა სებ-ის პოლიტიკაში ჩაბმას ცდილობდნენ, თუმცა ამ მცდელობამ მარცხი განიცადა და საფინანსო სისტემა არის სტაბილური და მზარდი.

„ადრე ჩვენ ვისმენდით, რომ გარკვეული პირები ცდილობდნენ სებ-ის პოლიტიკაში ჩართვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. საბედნიეროდ, ეს ვერ მოხერხეს, რადგანაც ვხედავთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ლარი არის მტკიცე და საფინანსო სისტემა არის სტაბილური. უფრო მეტიც, საფინანსო სისტემა იზრდება და ვითარდება. ამიტომ ამას ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი. ეს ეფექტი განელდა, არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით აღარ იქნება“, - აცხადებს ანგურიძე.

ექსპერტი სსფ-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვაზე ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ეკონომიკის მედეგობას სხვადასხვა გამოწვევებზე, ანგურიძე მიიჩნევს, რომ პანდემიიდან მოყოლებული ეკონომიკამ ძალიან მაღალი მედეგობა აჩვენა, რადგანაც ბოლო წლების საქართველოს სტაბილურის ეკონომიკური ზრდა აქვს.

„ბოლო 4 წელია საქართველო ძალიან სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ამიტომ რა თქმა უნდა, რისკები რჩება და არათუ რჩება, ვფიქრობ, შესაძლოა საგარეო რისკები გაზრდილიც კი იყოს. ვნახოთ ახლო აღმოსავლეთში მოვლენები როგორ განვითარდება, არ ვიცით რუსეთ-უკრაინის ომი რა მასშტაბებს შეიძენს და როდის დასრულდება. ბუნებრივია, საგარეო რისკები არის და ამის უარყოფა და უგულებელყოფა არ შეიძლება. თუმცა ის რისკები, რაც უკვე გამოიარა ჩვენმა ეკონომიკამ და საფინანსო სისტემამ, სავსებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ მოსალოდნელ პოტენციურ რისკებსაც გაუძლებს, რადგანაც ჩვენმა ეკონომიკამ მედეგობა, იმუნიტეტ შეიძინა, რაც ვლინდება ერთდროულად დაბალ ინფლაციასა და მაღალი ზრდის ტემპში, რომელსაც რამდენიმე წელია ინარჩუნებს“, - აცხადებს ექსპერტი.

გამოგვყევით