logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

პარლამენტმა სებ-ის 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

პარლამენტმა სებ-ის 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

1733840833

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ  საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ და ასევე არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო.


„2023 წლის დასაწყისიდან  ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 20 თვის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, -  განაცხადა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, დაბალ ინფლაციასთან ერთად მაღალია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით 2024  წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ეკონომიკის ჯამური პოტენციალი, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ანეიტრალებს.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი თავის ნეიტრალურ დონეს - 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

„აღსანიშნავია, რომ გლობალურად და განსაკუთრებით, რეგიონში მაღალი გაურკვევლობების ფონზე, ვითარება კვლავ სწრაფად ცვალებადია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს ფრთხილი და მოზომილი. მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით და მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. საშუალოვადიან პერიოდში კი, სხვა თანაბარ პირობებში, განაკვეთი მისი ნეიტრალური დონის, მიმდინარე შეფასებით 7%-ის გარშემო დასტაბილურდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მოხსენების წარდგენისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის არსებობის მნიშვნელობაზე.

„მონეტარული პოლიტიკის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მნიშვნელოვანია, რათა მონეტარული პოლიტიკის რეაგირება საქართველოს ეკონომიკური ციკლების შესაბამისად წარიმართოს და მაქსიმალურად იქნეს შენელებული ბიზნეს ციკლით გამოწვეული ეკონომიკური მერყეობა. შედეგად, ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა.  ამავდროულად, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდისა და შედეგად, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოსვლაში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. მან  ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებზეც.

„ოქტომბერში, გაურკვევლობის ფონზე, ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული მოლოდინები ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები ხორციელდებოდა უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით. იმისათვის რომ ასეთი ტიპის მსხვილი ტრანზაქცია უფრო მასობრივ აჟიოტაჟში, არ გადასულიყო რაც გაცვლითი კურსის ჭარბ მერყეობას გამოიწვევდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 588 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა და ხედვა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე ორიენტირებული რჩება. სებ-მა რეზერვების შევსება კვლავ განაახლა და ნოემბერში წმინდა შესყიდვამ 124.5 მლნ შეადგინა.

ნათია თურნავამ, მოხსენების ფარგლებში, მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის გაძლიერებისათვის და ფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკა და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.  

„გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია გაიზარდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. მაგრამ მიუხედავად ამ პოზიტიური ტენდენციებისა, დოლარიზაცია კვლავ მაღალია და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად რჩება. ამდენად, ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.

გამოგვყევით